ირაკლი ღარიბაშვილი - ბინძური კამპანია, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოეს, ჩამოირეცხა სამართლიანი გადაწყვეტილებით, სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილი, მტყუანი
ირაკლი ღარიბაშვილი - ბინძური კამპანია, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოეს, ჩამოირეცხა სამართლიანი გადაწყვეტილებით, სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილი, მტყუანი

არგუმენტი არ არსებობს, ამას ვეტყოდი ყველა კრიტიკოსს, მათ შორის დაქირავებულ ლობისტებს, რომლებსაც დიდი რაოდენობით თანხა აქვთ აღებული სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც და შემდეგაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ღარიბაშვილს კითხვით მიმართეს, „ოპონენტები გადანაშაულებენ, რომ ქვეყნის გამთლიანების მოტივით ხელისუფლება თითქოს უარს ამბობს ნატო-ზე და ბრატისლავაში გაკეთებული განცხადება იყო ამის დეკლარირება. რას უპასუხებდით მათ?“

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როგორი უარგუმენტოც იყო კრიტიკა სააკაშვილთან დაკავშირებით, ასევე უარგუმენტოა განცხადებები ნატო-სთან მიმართებით, თითქოს ხელისუფლებას არ სურს ნატო.

„მათ შორის ბოლო პერიოდში მილიონები დახარჯეს ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანების კამპანიაში. სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით დოლარი დახარჯა, გადაუხადა როგორც ამერიკულ, ისე ევროპულ კომპანიებს, რათა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, იმიჯი დაეზიანებინათ. ძალიან ბევრჯერ დამჭირდა ევროპელ კოლეგებთან ახსნა, რომ სააკაშვილს არ ვაწამებთ, არ მოვწამლეთ და ასე შემდეგ. ყველაფერზე, ყველა ბრალდებაზე, ცილისწამებაზე ძალიან მარტივი და, ამავდროულად, ძალიან ძლიერი პასუხი გაეცა სტრასბურგის გადაწყვეტილების შედეგად. მთელი ბინძური კამპანია, რაც აწარმოეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის იმიჯის დასაზიანებლად, ყველა ბინძური ცილისწამება, რომელიც ნიაღვრის სახით მომდინარეობდა მთელ მსოფლიოში, ჩამოირეცხა ამ ერთი ძალიან სამართლიანი, სწორი გადაწყვეტილებით. სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობა არის მართალი და სააკაშვილი – მტყუანი. კარგად იცით, მთელ მსოფლიოს მოსდეს ინფორმაციები იმის თაობაზე, თითქოს მოვწამლეთ, მოვკალით, ვაწამეთ და აღმოჩნდა, რომ არაფერი ხდება. როგორი უარგუმენტო, უსაფუძვლოც იყო მთელი ეს კრიტიკა, ბრალდებები, ასეთივე უსაფუძვლოა მათი განცხადებები ნატო-სთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ აღარ გვინდა არც ნატო, არც ევროკავშირი. ამ დროს, ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელმაც გააკეთა მაქსიმუმი, ყველაზე მეტი, და რეალური შედეგები მოუტანა ჩვენს ხალხს: ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა და ნატო-ს სამხედრო ერთობლივი ბაზა, რომელიც მე გავხსენი სტოლტენბერგთან ერთად. ეს არის შედეგები. ჩვენ შედეგებით უნდა გავაკეთოთ დასკვნები და არა ყალბ ნარატივზე, რაზეც ჩვენი ოპონენტები აპელირებენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.