ირაკლი ღარიბაშვილი - ავსტრიასა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა
ირაკლი ღარიბაშვილი - ავსტრიასა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა

პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა ავსტრიასა და საქართველოს შორის, დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს სტუმარს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა, თუ როგორ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა მიმართულებებით, როგორებიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტიციები“, – აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა თქვა, საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად.

„ჩვენ ბოლო ორი წელია, შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, შარშანწინ გვქონდა 10.5 % ზრდა, შარშან – 10%, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციების თვალსაზრისით. ჩვენ ვართ მსოფლიოში მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების მიმართულებით, ასევე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ ბიუროკრატიული და ნაკლები ბარიერების მქონე ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ავსტრიული კომპანიების, ავსტრიელი ინვესტორების შემობრძანებას საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.