ირაკლი ღარიბაშვილი - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, საზოგადოებამ ნახა, როგორ მტრობენ სიმულიანტი სააკაშვილი, მისი ოჯახი სახელმწიფოს, სამწუხაროდ, კამპანიაში ჩართული იყო ზოგიერთი ევროპელიც
ირაკლი ღარიბაშვილი - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, საზოგადოებამ ნახა, როგორ მტრობენ სიმულიანტი სააკაშვილი, მისი ოჯახი სახელმწიფოს, სამწუხაროდ, კამპანიაში ჩართული იყო ზოგიერთი ევროპელიც

რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, სიმულიანტი კაცი, ცხრა წელი რომ მართავდა ქვეყანას და მისი ოჯახი იხდის მილიონებს, რათა ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი, რეპუტაცია დაზიანდეს, სახელმწიფოს და არა მმართველი პარტიის, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს, ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს გამოქვეყნებული აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს.

„რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს, არამარტო სააკაშვილის ოჯახი და, რა თქმა უნდა, პირადად სიმულიანტი სააკაშვილი, მისგან მოდის ეს ყველაფერი, ამ პროცესში ჩართული არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები, როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წევრები, მათი ლობისტები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, მათი ინტერესი არის, რომ ეს მშვიდობა და ყველაფერი დასრულდეს, აქ იყოს ომი, ნგრევა, უბედურება ისეთი, რაც ხდება ახლა უკრაინაში, ეს არის რეალური მიზეზი. ამის თავი და თავი არის სიმულიანტი სააკაშვილის ოჯახი. მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ მათ მიერ მოსყიდული, კორუმპირებული ზოგიერთი პოლიტიკოსი და, სამწუხაროდ, მათ შორის ევროპელებიც. სიმართლე არის ერთი, ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ. ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ეს ყველაფერი არის ამ კამპანიის გაგრძელება, ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ კომენტარებს. ისინი არიან ჩართული ამ კამპანიაში და ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია, ამას სახელი უნდა დაერქვას. მინდა, ერთი ვთქვა, სიმართლეს, რომელიც ჩვენ მხარეს არის, ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება, რაც უნდა ათეულობით მილიონი დოლარი ხარჯოს სააკაშვილის ოჯახმა. კითხვები უნდა დაუსვათ თქვენ, საიდან აქვს 100 მილიონზე მეტი ქონება სააკაშვილის დედას. საიდან ფინანსდება მრავალმილიონიანი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, საიდან აქვთ ეს არადეკლარირებული მილიონები და რატომ ხარჯავენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ კამპანიაში ამ მილიონებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.