ირაკლი ღარიბაშვილი - ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად ვართ, „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ
ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად ვართ, „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, ახლად აშენებული სპორტის სასახლის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მშენებელ კომპანიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანიამ რეკორდულ დროში ააშენა უნიკალური კომპლექსი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „ევრობასკეტი“ პირველ სექტემბერს გაიმართება, მანამდე კი, 4 ივლისს გაიმართება სატესტო მატჩი.
„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობო, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ, რომელიც პირველ სექტემბერს გაიმართება. მანამდე, 4 ივლისს, სატესტო მატჩი გაიმართება, ეს ახალი დარბაზი არის დასრულებული და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ, მივიღოთ და ვუმასპინძლოთ „ევრობასკეტს“. მინდა, მადლობა გადავუხადო კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მშენებელ კომპანიას, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რეკორდულ დროში მოასწრო და ააშენა ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური კომპლექსი და მინდა, ჩვენს მაყურებლებს, სპორტის გულშემატკივრებს მივულოცო დღევანდელი დღე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად აშენებული სპორტის სასახლე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად დაათვალიერა.
ახალი სპორტის სასახლის ფართობია 25 000 კვადრატული მეტრი და 10 000 მაყურებელზეა გათვლილი. შენობა მულტიფუნქციური სპორტული სივრცეა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახეობის და მასშტაბის სპორტულ და კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლოს. შენობა აშენებულია თანამედროვე სტანდარტებით და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.