ირაკლი ღარიბაშვილი - 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8 000 დოლარს მიუახლოვდება
ირაკლი ღარიბაშვილი - 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8 000 დოლარს მიუახლოვდება

შარშან გვქონდა 10.5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, გვიხარია ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე წელსაც გვექნება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს, შედარებისთვის, შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს, 2023 წელს კი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 8 000 დოლარს მიუახლოვდება.

„მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2020 წელს, შედარებისთვის, შეადგენდა დაახლოებით 4 200 დოლარს, 2021 წელს გაიზარდა და წელს უკვე მოსალოდნელია, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 6 700 დოლარი დაახლოებით. ჩვენი პროგნოზებით, 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით 8 000 დოლარს მიუახლოვდება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2020 წელს იყო დაახლოებით 50 მილიარდი ლარი, 2023 წელს იქნება 80 მილიარდი ლარი – ანუ სამ წელში 30-მილიარდიანი ზრდა გვაქვს, რაც დამეთანხმებით, არის საკმაოდ სერიოზული პროგრესი. თუმცა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს ტემპი არ უნდა შეჩერდეს, პირიქით, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი პასუხისმგებლობით, მეტი ტემპით უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და რეფორმები.

საგარეო ვალი 2020 წელს გაიზარდა 60%-მდე მშპ-სთან მიმართებაში, 2022 წელს ვალის 39%-მდე ჩამოსვლა შევძელით, ხოლო მომავალ წელს იქნება 38%, 22%-ზე მეტი კლება გვაქვს ვალის სულ რაღაც ორ წელიწადში.

პანდემიის დროს, გახსოვთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი იყო ძალიან მაღალი, 9,3 მეათედი პროცენტი იყო დეფიციტი, შარშან, როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მაშინ ჩამოვწიეთ 6,1 პროცენტამდე, წელს უკვე 3%-მდე მოვახერხეთ დეფიციტის შემცირება და გაისად უკვე 2,8% იქნება ბიუჯეტის დეფიციტი, რაც ასევე მნიშვნელოვანი პროგრესია“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ექსპორტის მონაცემებს, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ბოლო ორ წელში საგრძნობლად გაიზარდა ექსპორტი.

„32%-ით არის გაზრდილი იანვარ-ნოემბერში ექსპორტი და შეადგინა ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 21%-ით არის გაზრდილი და 3 მილიარდ 400 მილიონ დოლარს გაუტოლდა, იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვა 17 მილიარდი დოლარით განისაზღვრა, რაც, ჩვენ თუ შევადარებთ წინა წლის მონაცემებს, არის 32%-ანი მატება. 10 თვის სავაჭრო მონაცემების მიხედვით, ეს მონაცემები შარშანდელ მთელი წლის მაჩვენებელზე მეტია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ტურიზმის მიმართულებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 3,2 მეათედ მილიარდ დოლარს.

„ტურიზმი ძალიან სწრაფი ტემპებით აღდგა, შეიძლება ითქვას, რომ სრულად აღდგა. ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი რეზერვი, გაისად რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 3,2 მეათედ მილიარდ დოლარს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სატრანსპორტო გადაზიდვები – საავტომობილო, რკინიგზა – რეკორდულია წელს: 25 მილიონი ტონა იქნა გადაზიდული, რაც თითქმის 20%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ასევე, პოზიტიური წელი იყო, ძვირფასო მეგობრებო. წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის თვალსაზრისით, 100%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და შეადგინა თითქმის მილიარდ შვიდასი მილიონი დოლარი ბოლო ათ თვეში. ჩვენ თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ 2021 წელს, როგორც გითხარით, 100%-ით არის მატება. 2019 წელთან შედარებით ეს არის 72%-იანი მატება, აქედან, მინდა, აღვნიშნო, რომ ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 47%-ია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა დასაქმების საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, უმუშევრობის დონემ ქვეყანაში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15,6% შეადგინა.

„ორ წელში – 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით – შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. 229 000 ადამიანი დასაქმდა ამ ბოლო ორ წელში. აქედან არასახელმწიფო სექტორში 209 ათასი ადამიანია დასაქმებული. ასევე, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი არის დასაქმებული ბოლო ექვს-შვიდ თვეში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.