ირაკლი ღარიბაშვილი - 2015 წელს, პირველი ვადით პრემიერობის დროს, დავიწყე ჩინეთთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები, რისი შედეგიც დღეს ძალიან ხელშესახებია, სავაჭრო ბრუნვა 400 პროცენტით გაიზარდა
მიმდინარე წლის მაისში თქვენ საჯარო გამოსვლისას ბრძანეთ, რომ საქართველოს „ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთთან“. თქვენ იქვე ახსენეთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელსაც 2018 წელს მოეწერა ხელი. ეს პირველი შეთანხმება იყო, რომელიც ჩინეთსა და ევრაზიულ ქვეყანას შორის გაფორმდა, რის შემდეგაც სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად – 400-ჯერ გაიზარდა, – ასე მიმართა ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის წამყვანმა ჟურნალისტმა, წოუ იუნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ექსკლუზიური ინტერვიუს დროს.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირველი ვადით პრემიერ-მინისტრობის დროს, სწორედ მან დაიწო ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები.
კითხვის საპასუხოდ, სამომავლოდ, რომელ სფეროებშია თანამშრომლობის უფრო დიდი პოტენციალი, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ თუ გაგრძელდება მეტი ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში და ჩინეთიდან საქართველოში, ჩინეთი თავისუფლად შეიძლება, გახდეს რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის.
„ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სწორედ მე დავიწყე მოლაპარაკებების წარმოება. საუბარი მაქვს ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე. ეს 2015 წელს ხდებოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო და ჩინეთი გააფართოებდნენ პირველ შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევრაზიის რეგიონიდან. ამდენად, გვქონდა პრივილეგია და გაგვიმართლა, რომ ასეთი შეთანხმება გაფორმდა. თან, როგორც თქვენ ბრძანეთ, ამის შედეგი ძალიან ხელშესახებია. სავაჭრო ბრუნვა 400 პროცენტით გაიზარდა, როგორც თქვენ ბრძანეთ. ჩინეთი ძალიან სწრაფად გახდა რიგით მესამე სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. რადგან თქვენ პოტენციალი იკითხეთ და დაინტერესდით, კიდევ რა მიმართულებით შეიძლება, მისი ათვისება, გეტყვით, რომ თუ გავაგრძელებთ საქონლის – მეტი ხარისხიანი პროდუქციის – ექსპორტს ჩინეთში და ჩინეთიდან აქეთ, ის თავისუფლად შეიძლება, გახდეს რიგით პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის. ამის პოტენციალი დიდია. მჯერა, ამ პოტენციალის და სწორედ ამიტომ ვარ ასე დაინტერესებული ამ და სხვა შესაძლებლობებით, რომლებიც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებიდან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომ სრულად ვუჭერთ მხარს ვაჭრობის ზრდას და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ქართულ ბიზნესს მოვუწოდე, მეტი ურთიერთობები აწარმოონ ჩინეთთან, ჩინურ კომპანიებთან, მეტი საქონლი, ღვინო და სხვა პროდუქცია გაიტანონ ექსპორტზე. ამდენად, დიდია პოტენციალი ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.