ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 187 მლნ აშშ დოლარით არის გაზრდილი
11 თვის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის პერიოდის მაჩვენებელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, 2012 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 465 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია და მიმდინარე წელს უკვე 838 მლნ აშშ დოლარის პროდუქციაა ექსპორტირებული.
„2012 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 465 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია და მიმდინარე წელს უკვე ექსპორტირებულია 838 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია, ანუ 180%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე, მინდა, შევეხო რამდენიმე კონკრეტულ მონაცემს, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება. ზოგადად, ღვინის ინდუსტრია და მევენახეობის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. 2012 წელთან შედარებით, ბოლო 11 წელიწადში ღვინის ექსპორტი 187 მლნ აშშ დოლარით – 290%-ით გაზრდილია. სპირტიანი სასმელების ექსპორტი განხორციელდა 140 მილიონი დოლარის ღირებულების, დაახლოებით 75-პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ტენდენცია, რა თქმა უნდა, წელსაც გრძელდება.
11 თვის მონაცემებით, წელს ღვინის ექსპორტმა 241 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ევროკავშირში ღვინის ექსპორტი 130%-ით არის გაზრდილი, ასევე ვითარდება თხილის წარმოება. მთავრობამ წელს 21 მილიონი ლარი გამოუყო ფერმერებს და ჩვენ ამ მიმართულებას 2024 წელსაც გავაგრძელებთ. ექსპორტის 70 პროცენტი ევროკავშირში ხორციელდება და მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ფერმერებს, რომ კიდევ უფრო გაზარდონ თხილის წარმოება.
2012 წელს ღვინის საწარმოების და მარნების რაოდენობა ჯამში 40 იყო, დღეს ღვინის საწარმოებისა და მარნების რაოდენობა 2 500-ს აღწევს. ამხელა პროგრესი გვაქვს ბოლო 11 წელიწადში. ჩვენ ვავითარებთ და მაქსიმალურად მეტ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ მეტი მიწა გაწყლოვანდეს. სარწყავი წყლით უზრუნველყოფა იყო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. 2012 წელს 45 000 ჰექტარი მიწა იყო გაწყლოვანებული. ეს ფართობი ბოლო 11 წელიწადში 163 000 ჰექტრამდე გაიზარდა. ამჟამად 98 მლნ ლარის ღირებულების 48 სამელიორაციო კაპიტალური ობიექტის რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.