ირაკლი ღარიბაშვილი - 2008 წელს მსოფლიოში არავინ დაუთმო საკმარისი ყურადღება იმ ფაქტს, რომ საქართველო გახდა რუსეთის შემოჭრის მსხვერპლი, მოახდინა ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, მსოფლიოს ამაზე ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია
ყველას მინდა შევახსენო, რომ 2008 წელს მსოფლიოში, პირდაპირ ვთქვათ, არავინ დაუთმო საკმარისი ყურადღება იმ ფაქტს, რომ სუვერენული ერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველო გახდა რუსეთის შემოჭრის მსხვერპლი. რუსეთმა მოახდინა მეზობელი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია და ამას რეაქცია არ მოჰყოლია, მსოფლიოს ამაზე ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია. არანაირი სანქციები არ დაუწესდა რუსეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2014 წელს მსოფლიო გაოცებული დარჩა, როდესაც ყველამ იხილა ყირიმის ანექსია.
„პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა. მის უდიდებულესობას მინდა გადავუხადო მადლობა კატარში ჩვენი მოწვევისთვის. პირველად ვიმყოფები ამ მშვენიერ ქვეყანაში და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება. კარგი შესაძლებლობა მეძლევა იმ გამოწვევების შესახებ სასაუბროდ, რომლის წინაშეც ვიმყოფებით. ნამდვილად განსხვავებულია ახლა სამყარო. ჩვენ ვართ იმის მომსწრე, როგორ იცვლება წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი. თქვენ თავად ბრძანეთ, რომ უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წელს ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი და მოახდინა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთის ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება და პრინციპში მათთან ერთად გვიწევს არსებობა. ეს არის რეალობა. ამდენად, ეს არის მიმდინარე ოკუპაცია. ყველას მინდა შევახსენო, რომ 2008 წელს მსოფლიოში, პირდაპირ ვთქვათ, არავინ დაუთმო საკმარისი ყურადღება იმ ფაქტს, რომ სუვერენული ერი, დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველო გახდა რუსეთის შემოჭრის მსხვერპლი. რუსეთმა მოახდინა მეზობელი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია და ამას რეაქცია არ მოჰყოლია. მსოფლიოს ამაზე ადეკვატური, სწორი რეაქცია არ ჰქონია. არანაირი სანქციები არ დაუწესდა რუსეთს, არაფერი. ამდენად, 2014 წელს მსოფლიო გაოცებული დარჩა, როდესაც ყველამ ვიხილეთ ყირიმის ანექსია. სულ ახლახანს, 2022 წელს, გავხდით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მომსწრე. თქვენს კითხვას რომ ვუპასუხო, სად დგას საქართველო ამ ვითარებაში, თქვენ უნდა გაიგოთ, რომ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო ოკუპირებულია და რომ რუსეთის ჯარებთან ერთად გვიწევს არსებობა, მოდით, ღიად ვთქვათ, საქართველო საკმაოდ მოწყვლადია ამ სიტუაციაში. რა თქმა უნდა, გვაღელვებს უსაფრთხოების საკითხი ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება. პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინას. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე – იქნება ეს გაერო, ევროკავშირი, ეუთო, ჩვენ 260 და მეტ რეზოლუციას და განაცხადს მივუერთდით, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.