ირაკლი ეძგვერაძისა და კიდევ სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვს პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძისა და კიდევ სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
როგორც პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულებს მიმალვის მცდელობა ჰქონდათ, ისინი საქართველოს საზღვრის დატოვებას აპირებდნენ. გარდა მიმალვის საფრთხისა, ბრალდების მხარემ მოწმეებზე ზეწოლისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეებზეც ისაუბრა. ასევე, პროკურატურამ მიუთითა საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც, ბრალდების პოზიციით, დანაშაულს ადასტურებს.
ადვოკატებმა განმარტეს, რომ ბრალდებულებს მიმალვის განზრახვა არ ჰქონიათ და ახლობელთან მიდიოდნენ. დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახედ კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ბრალდებულების დანაშაული არ დასტურდება.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თბილისში, გლდანის I მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხ პირს თავს დაესხნენ და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.