ირაკლი ჩიქოვანი - ყველა შეზღუდვა და აკრძალვა მიმართულია იმისკენ, რომ კორონავირუსის ფართო გავრცელება ავირიდოთ, ამიტომ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დავრჩეთ სახლში
პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, პრესსპიკერ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის მოთხოვნას, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 2020 წლის 10 მაისამდე გაახანგრძლივოს.
ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობა გამოიჩინოს.
ჩიქოვანის განმარტებით, ყველა შეზღუდვა და აკრძალვა მიმართულია იქეთკენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ფართო გავრცელება ავირიდოთ.
„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს გადაუგზავნის მოთხოვნას, 2020 წლის 10 მაისამდე გაახანგრძლივოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენთაგანმა გავითვალისწინოთ და გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. ყველა შეზღუდვა და ყველა აკრძალვა, რომლებიც მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე და ავირიდოთ კოვიდ 19-ის ფართო გავრცელება. ასევე, ეს გადაწყვეტილებები ემსახურება იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა და ყოელდღიური ცხოვრების რიტმი დაბრუნდეს უფრო სწრაფად, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ არ მივმართავთ ამ სპეციალურ ზომებსა და შეზღუდვებს.
კიდევ ერთხელ, საქართველოს მთვრობის სახელით მინდა მოვუწოდო საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენს ქვყანაში მყოფ ყველა ადამიანს, მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ სახლები, დავრჩეთ სახლში და ამით დავიცვათ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებაც“ , – განაცხადა ჩიქოვანმა.