ირაკლი ჩიქოვანი - ვხედავთ, რომ დესტრუქციული ძალა განაგრძობს სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობას და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელის შეშლას
ვხედავთ, რომ დესტრუქციული ძალა განაგრძობს სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობას და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელის შეშლას, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.
„ძალიან ცუდია, თუ ნებისმიერი ადამიანი დაზარალდა და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველები ამას ადეკვატურ ყურადღებას მიაქცევენ. ხოლო რაც შეეხება იმ პროცესებს, რასაც ვხედავთ, რეალურად ვხედავთ, რომ დესტრუქციული ძალა კვლავაც განაგრძობს სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელის შეშლას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში სესიის დროს დეპუტატებმა მძაფრი სუნი იგრძნეს. როგორც დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, დარბაზში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი შევიდა და გარკვეული ნივთიერება შეიტანა. დეპუტატ ზაზა პაპუაშვილის ინფორმაციით, მძაფრი სუნი მას შემდეგ დადგა, რაც სხდომათა დარბაზში ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ. ირმა ნადირაშვილი ახსენა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა მდინარაძემაც.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თავდაპირველად მოძრაობა „სირცხვილიამ“ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ „პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს“, მოგვიანებით კი, ასევე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ხუმრობა იყო.
პარლამენტში გაურკვეველი ნივთიერების შეტანაზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.