ირაკლი ჩიქოვანი რობინ დანიგანს შეხვდა
ირაკლი ჩიქოვანი რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რობინ დანიგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა რობინ დანიგანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ყურადღება გამახვილდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე. აღინიშნა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრო“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

როგორ შეხვედრის შემდეგ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა, შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები განიხილეს.

„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა თავდაცვის ახალ მინისტრთან, ირაკლი ჩიქოვანთან. მოხარული ვარ, რომ პირველი შევხვდი და მივულოცე მინისტრად დანიშვნა, რადგან ჩვენი ურთიერთობები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი დასაყრდენი. მინისტრთან ერთად განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, როგორ ვიმუშავებთ ერთად საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ჩვენ ვართ არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურების, არამედ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერები. ჩემთვის ნამდვილად პატივი იყო მინისტრთან შეხვედრა და აღნიშნული საკითხების განხილვა“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.