ირაკლი ჩიქოვანი - ნიდერლანდების სამეფოში ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი რეფორმატორი, რომელმაც ძალიან დიდ შედეგებს მიაღწია
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი რეფორმატორი სახელმწიფო, რომელმაც ძალიან დიდ შედეგებს მიაღწია როგორც ეკონომიკურ სფეროში, ასევე პოლიტიკური განვითარების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, გიორგი გახარიასა და მარკ რუტეს მოლაპარაკებისას მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას ისახავს მიზნად.
„ნიდერლანდების სამეფო მზად არის, საქართველოს გაუზიაროს საკუთარი მნიშვნელოვანი გამოცდილება აგრარულ სფეროში. ნიდერლანდების სამეფო ასევე მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის ზრდას და ნებისმიერი სხვა ფორმით ეკონომიკურ განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2020 წლის იანვარში კიდევ ერთი მაღალი დონის ვიზიტი შედგება და საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. დღეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები არის აბსოლუტურად მაღალ ნიშნულზე და პოლიტიკური თანხვედრის ასეთი მაღალი დონე ჩვენს ორ ქვეყანას ჯერჯერობით არ ჰქონია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.