ირაკლი ჩიქოვანი - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ვისაუბრებთ საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს
ირაკლი ჩიქოვანი - ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ვისაუბრებთ საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს

დღეს გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ეს არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც საქართველოსა და ნატო-ს აქვთ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმატს ქართული მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომლებიც გატარდა საქართველოში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით; მეორე რიგში, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით და ასევე იმ პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ყველა მიმართულებით. ეს არის აბსოლუტურად ხაზგასმული ყველა განცხადებაში, რომელსაც აკეთებენ ჩვენი პარტნიორები. ჩვენ ვთვლით, რომ შარშან, დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი დასტური იმისა, რომ საქართველო არის სწორი განვითარების გზაზე“, – განაცხადა ჩიქოვანმა.