ირაკლი ჩიქოვანი - ნატო-ს დოკუმენტი თავისი ფორმატით და შინაარსით განსხვავებულია, დოკუმენტში საქართველოს თავისი ადგილი აქვს
ნატო-ს საიუბილეო სამიტის შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტი თავისი ფორმატით და შინაარსით განსხვავებულია, ვიდრე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც აქამდე გამოქვეყნებულა. დოკუმენტში საქართველოს თავისი ადგილი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, არსებობს მკაფიო განაცხადი, რომ საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყოს გაყვანილი რუსეთის სამხედრო ძალები, აგრეთვე, ნატო აღნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო თავისუფალია, მიიღოს გადაწყვეტილება ალიანსში გაწევრიანებაზე და, შესაბამისად, მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას.
„დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა 75-ე საიუბილეო სამიტის შემდგომ, არის განსხვავებული თავისი ფორმატით და შინაარსით, ვიდრე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც აქამდე ნატო-ს სამიტის შემდგომ გამოქვეყნებულა. იყო არაერთი საკითხი, რომელიც უკავშირდებოდა საიუბილეო სამიტს, ასევე თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის იუბილესაც. დოკუმენტში საქართველოს თავისი ადგილი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მკაფიო განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყოს გაყვანილი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები.
რაც შეეხება გაფართოების პოლიტიკას, გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ასევე არსებობს ჩანაწერი, შეიძლება ბუქარესტის უშუალო აღნიშვნით არა, მაგრამ ნატო აღნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფო თვითონ არის თავისუფალი, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ალიანსში უნდა გაწევრიანდეს, შესაბამისად, ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს. ესეც ნახსენებია. მეორე მხრივ, ის კონტექსტი, რომელიც გულისხმობს, რომ როგორც ალიანსის წევრების, ასევე ალიანსის უახლოესი პარტნიორების, ისეთის, როგორიც საქართველოა, როგორც ასპირანტი სახელმწიფოს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ამ სახელმწიფოს ძალისხმევას, რათა საერთაშორისო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ძალიან ბევრი მსხვერპლი გვაქვს ერთად გაღებული. მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, რომელსაც სჯერა, რომ ნატო გაფართოვდება. ჩანაწერი, რომელიც არის კომუნიკეშიც, ჩანაწერი, რომელიც არაერთხელ ყოფილა აქამდე, ჩანაწერი, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციაში – ეს ყველაფერი თავის დროზე იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ვაშინგტონში გამართული სამიტი იყო საიუბილეო და ყველა ელოდებოდა, რომ იქნებოდა განსხვავებული თავისი ფორმატით და შინაარსით.
„მეორე მხრივ, ამ სამიტთან მიმართებით ხაზი უნდა გაესვას, რომ დღეს მიმდინარეობს რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისად, ამ საკითხებთან მიმართებაშიც მნიშვნელოვანი ყურადღება იქნებოდა გამახვილებული და ესეც დავინახეთ. Ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის. ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი. განაცხადი, რომელიც ნატო-მ გააკეთა, რომ ერთგულია ღია კარის პოლიტიკის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დოკუმენტში თქვენ ნახავთ, რომ ძალიან ბევრი საკითხია, რომელზეც ალიანსს ჩამოყალიბებული აქვს თავისი პოზიცია, ხედვა და ამ საკითხების დიაპაზონი ძალიან ვრცელია, დაწყებული კონკრეტულად რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საკითხით, დამთავრებული კოსმოსის ათვისების საკითხებით“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.