ირაკლი ჩიქოვანი - მოქალაქეთა ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე ტელეგაკვეთილები დაიწყება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მოსწავლეთა დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით გარკვეული დაბრკოლებები წარმოიქმნა, რადგან მოქალაქეთა გარკვეულ ნაწილს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სწორედ ამ პრობლემას აღმოფხვრის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე ტელეგაკვეთილების მომზადება და გადაცემა.
„როგორც იცით, სწავლა შეზღუდულია როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში. ბევრმა უმაღლესმა სასწავლებელმა შეძლო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, თუმცა სკოლებთან მიმართებით იყო გარკვეული შეზღუდვები, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. ზუსტად ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე დაიწყება ტელეგაკვეთილები, რომლებიც ყველა კლასის მოსწავლეს საშუალებას მისცემს, დისტანციურად მიიღოს მისთვის საჭირო საგანმანათლებლო ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.