ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს მოუწოდებს, „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს არ წამოეგონ
,,ქართული ოცნებისთვის” ყველა სახის ძალადობა მიუღებელია და ემიჯნება მას, – ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან დაპირისპირებაში მონაწილე პირი დააკავეს.
„ძალიან ბევრ პროვოკაციულ ქმედებას აქვს ადგილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, პროვოკაციებით გადაფაროს „ქართული ოცნების“ მოგებული არჩევნები.
მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, არ წამოეგონ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციებს, ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით მიმართონ სამართალდამცავ უწყებებს. ასევე, მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა ჩამობრძანდნენ და ადგილზე გაეცნონ სიტუაციას.
ყველა აქტივისტს, ყველა მომხრესა და მხარდამჭერს მინდა ვუთხრა, რომ წინასწარი მონაცემებით, დამაჯერებლად ვიმარჯვებთ და აუცილებელია, მშვიდად მივიდეთ 19 მაისამდე. გამარჯვება ჩვენია“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.
ამასთან, ჩიქოვანის თქმით, სამართალდამცველების მიერ დაკავებული პირი „ქართული ოცნების” აქტივისტი და პარტიის წევრი არ არის.
ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან დაპირისპირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან, როდესაც სანდრა რულოვსი ერთ-ერთ რეგიონულ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა, დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინტერვიუს დროს მათთან მივიდა ზუგდიდის ორი მცხოვრები და სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის თანამშრომლებსაც.