ირაკლი ჩიქოვანი - მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის
ირაკლი ჩიქოვანი - მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის

მე ვარ იმ მთავრობის და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნეს უზრუნველყოფილი, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების შეკითხვას, პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისა და ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ.

მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და ახლაც ძალისხმევას არ იშურებს, რათა საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ს დაუახლოვდეს.

„ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ძალიან დიდი და უზარმაზარი სამუშაო გასწია, რათა მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ევროკავშირის სტანდარტებთან ურთიერთთანხვედრა. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ფართო რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში არსებობდეს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტი. ეს არის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც არაერთი რამ გაკეთებულა.

შემიძლია ქართულ საზოგადოებას ერთი რამ ვუთხრა: როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი ყიჟინა, შეძახილი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებდა შედეგების მიღწევას, ამ ხელისუფლებამ მიაღწია იმ შედეგებს, რომლებსაც თქვენ აფასებთ. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას და გააკეთებენ არჩევანს, რათა მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას, რომელმაც საბოლოოდ უნდა მიგვიყვანოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე. დარწმუნებული ვარ, ისინი ამას მიიღებენ“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.