ირაკლი ჩიქოვანი - ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებთან საუბარი იქნება იმ დღის წესრიგზე, რომელიც ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით გვაქვს
ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებთან საუბარი იქნება იმ დღის წესრიგზე, რომელიც ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, დღეს შედგება შეხვედრა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებთან.
„მათთან საუბარი იქნება იმ დღის წესრიგზე, რომელიც ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით გვაქვს. თქვენ იცით, რომ მათ პოზიცია გამოაქვეყნეს, არის გარკვეული საკითხები, რასაც უფრო მეტი დაზუსტება სჭირდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტი რეფორმა უნდა გავატაროთ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით. საუბარი იქნება რეკომენდაციების შესრულებაზე. დეოლიგარქიზაციასთან და სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენს გეგმებს გავაცნობთ. თქვენ იცით, რომ დეოლიგარქიზაციაზე ვენეციის კომისიის დასკვნა მივიღეთ, რომელიც კანონპროექტში ავსახეთ და კვლავ ვაპირებთ თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან. მათთან საუბარისას ეს იქნება სიახლე. ასევე ვისაუბრებთ იმ ვადებზე, რა ვადებიც გვაქვს რეფორმების შესრულების თვალსაზრისით. ვენეციის დასკვნის შემდეგ კანონპროექტების მიღებას ივნისის ბოლომდე შევძლებთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.