ირაკლი ჩიქოვანი - ევროკავშირის ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მთავარი პარტნიორი რეგიონში, წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირისთვის მთავარ პარტნიორს წარმოადგენს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში და პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანმა ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში შეაფასა, რომელიც საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების ურყევი სურვილი და ნებაა, გაატაროს ყველა რეფორმა, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი და, რა თქმა უნდა, ხაზს უსვამს იმ რეფორმების ეფექტურობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს.
ამასთანავე, დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად იქნა მიღწეული მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც იყო მოსალოდნელზე უფრო მეტი. ქვეყნის წინსვლა დემოკრატიის განვითარების, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების და პრაქტიკულად ყველა სხვა სფეროში არის ხელშესახები და ეს ყველაფერი გამყარებულია საერთაშორისო რეიტინგების იმ მაჩვენებლით, რომელიც საქართველოს აქვს მათ შორის: ბიზნესის კეთების სიმარტივის, მედია თავისუფლების და სხვა მიმართულებებით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ასოცირების შეთანხმების შესახებ ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის და დადებითად აფასებს იმ უფრო გაღრმავებულ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში.
„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი რეგიონში, წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს და ჩვენ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს მივყვებით და აქტიურად ვმუშაობთ მათ იმპლემენტაციაზე. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს ევროკავშირში გაერთიანებისათვის“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, პროგრესის მიუხედავად, დოკუმენტში არის გარკვეული მითითებები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხედვა, გაამახვილოს ყურადღება, დაგეგმოს კონკრეტული რეფორმები და შესაბამისად, მიაღწიოს სასურველ შედეგებს.
„ჩვენ ამ საკითხებთან მიმართებაში გვექნება ძალიან მჭიდრო კონსულტაცია ჩვენს პარტნიორებთან და, რა თქმა უნდა, გეგმებსაც ერთად განვახორციელებთ.
აგრეთვე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სულ რამდენიმე დღეში სტრასბურგში გაიმართება ასოცირების შეთანხმების მიმდინარეობის განხილვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, ჩვენ ამ განხილვებთან დაკავშირებით გვაქვს პოზიტიური მოლოდინი და შესაბამისად, ამ, განხილვებსაც ექნება მნიშვნელოვანი როლი ევროინტეგრაციის გზაზე.
აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველო ემზადება ევროკავშირის სამიტისთვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე იმსჯელებს და ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მკაფიო ხედვა და გეგმები, როგორც ჩვენს ევროკავშირის პარტნიორ სახელმწიფოებთან, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად, თუ როგორ გავაგრძელოთ ინტეგრაციის გზა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა.