ირაკლი ჩიქოვანი - ამ ქვეყანაში არ ყოფილა ხელისუფლება, რომელსაც აქვს უფრო მეტი შედეგი, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპაში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები მიუღებელია და შეურაცხყოფაა არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, არამედ მთლიანად დიპლომატიური სამსახურის მიმართ, მაგრამ, სამწუხაროდ, არის იმ პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც დესტრუქციული რადიკალური ოპოზიცია ახორციელებს.
ჩიქვანის თქმით, ისინი რეალურად მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„ისინი აცხადებენ, რომ ჩვენ ვუქმნით პრობლემებს ჩვენს ქვეყანას ანტიდასავლური რიტორიკით, რაც არის ტყუილი. არ ყოფილა ამ ქვეყანაში ხელისუფლება, რომელსაც აქვს უფრო მეტი შედეგი, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროპაში და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, ყოველთვის ექნებათ რეაგირება იმ პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც არასწორი წარმოდგენა აქვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში.
„დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიულ, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ და ევროპაში ინტეგრაციაზე ორიენტირებულ ძალად მიაჩნიათ. არაფერს ამბობენ იმაზე, რომ პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო აქციეს მოძალადე სისტემად საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ჯალათებად ჩამოყალიბდნენ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები. ეს ადამიანები უპირისპირდებოდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, რელიგიას, მთავარ ფასეულობებს – ოჯახს, ღირებულებებს. ესენი უწუნებენ ირაკლი ღარიბაშვილს გამოსვლას კონსერვატიულ კონფერენციაზე, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში, ჩვენ ვიქნებით ევროპის ნაწილი, მაგრამ აუცილებლად დავიმახსოვრებთ ტრადიციებს და აუცილებლად განვავითარებთ იმას, რამაც აქამდე მოგვიყვანა“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.