ირაკლი ბურდილაძე - სამშენებლო სფეროში ბიზნესგარემო გაჯანსაღდა, უფრო თანაბარი და კონკურენტული პირობები შეიქმნა
ირაკლი ბურდილაძე - სამშენებლო სფეროში ბიზნესგარემო გაჯანსაღდა, უფრო თანაბარი და კონკურენტული პირობები შეიქმნა

სამშენებლო სფეროში ბიზნესგარემო გაჯანსაღდა და უფრო თანაბარი, კონკურენტული პირობები შეიქმნა, – ამის შესახებ კომპანია „ემ კვადრატი უძრავი ქონების“ (m2 უძრავი ქონება) გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე ბოლოდროინდელ შეფასებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამშენებლო სფეროში უძრავი ქონების მიმართულებით საინტერესო ახალი რეგულაციები იქნა შემოღებული, რომელმაც გაზარდა პროდუქტის ხარისხი და შრომის უსაფრთხოების ნორმები.

„ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახა საქართველოს იმიჯზეც, რაზეც მეტყველებს, თუნდაც, საერთაშორისო რეიტინგული კომპანიების შეფასებები. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია მომხმარებელთა ოპტიმიზმი, რომელიც დღეს ქვეყანაშია. გვიწევს ურთიერთობა ძალიან ბევრ კლიენტთან, რომელიც ინვესტიციას ახორციელებს უძრავ ქონებაში და ეს არ არის მცირე თანხები, როდესაც კლიენტი ყიდულობს უძრავ ქონებას, საკმაოდ დიდ თანხას აბანდებს. როგოც წესი, ასეთი თანხების დაბანდება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ოპტიმიზმი მაღალია და ბიზნესგარემო ჯანსაღია. განსხვავებულ პირობებში მსგავსი ინვესტიციები არ ხორციელდება. ეს საკმაოდ კარგი ინდიკატორებია, რათა ვიმსჯელოთ, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო საკმაოდ პოზიტიურია ჩვენს სფეროში და იმ მიმართულებებით, რა მიმართულებებითაც ჩვენს კომპანიას უწევს შეხება სახელმწიფო ორგანოებთან“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, კომპანია მაგალითად პროდუქტიული ურთიერთობა აქვს თბილისის მერიასთან.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, მაგალითად, თბილისის მერიასთან სხვადასხვა პროექტზე, არანაირი წინააღმდეგობა, ან რაღაც პრობლემა არ შეგვქმნია.  მათი რეკომენდაციებით ბევრი პროექტი დავხვეწეთ, ისინი უფრო გლობალურად უყურებენ თბილისის განვითარებას, ვიდრე ნებისმიერი კერძო კომპანია. ხშირ შემთხვევაში,  მათი რჩევები საკმაოდ ღირებულია და ისევ ჩვენი კომპანიის გადმოსახედიდან, მსგავს პრობლემებს მე ვერ ვხედავ“, – განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.