ირაკლი ბურდილაძე - საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ფონზე, კარგად უმკლავდება არსებულ სიტუაციას
ირაკლი ბურდილაძე - საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ფონზე, კარგად უმკლავდება არსებულ სიტუაციას

კომპანია „ემ კვადრატი უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, ყველა მათ ობიექტზე სამშენებლო პროცესი ჩვეულებრივად გრძელდება.

თუმცა, მისივე თქმით, სამუშაოს შესრულების დროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები დაცულია – მიმდინარეობს თანამშრომლების შემოწმება დისტანციური თერმომეტრებით, მათთვის პირბადეების დარიგება და შესაბამისი ზომების მიღება.

„ჩვენს კომპანიას გაწერილი აქვს სამოქმედო გეგმა, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წლის ბოლომდე. ამ გეგმას მივყვებით, მშენებლობებს არ ვაჩერებთ ბუნებრივია. მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი ყველა ჩვენს ობიექტზე. ოღონდ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ახალი წესებით მიდის. ხდება თანამშრომლების შემოწმება დისტანციური თერმომეტრებით, პირბადეების დარიგება და ვიცავთ იმ ზომებს, რომლებიც რეკომენდირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ“ ,- განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ.

ბურდილაძის განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ზოგადად არსებულ ვითარებას, ასევე იმას, თუ როგორ უნდა დაიცვან თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

ბურდილაძე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანია სოლიდარობა, ბიზნესისა და მთავრობის ერთად დგომა.

„საკარანტინო ზონებში ჩვენ ფართებს არ ვფლობთ და არც არანაირ მშენებლობას არ ვაწარმოებთ იქ. შეხვედრაზე, ჩვენ ვიმსჯელეთ ზოგადად არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თანამშრომლების ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება. არსებულ ვითარებაში ბიზნესიც და მთავრობაც ერთად უნდა დავდგეთ და ერთად დგომით, სოლიდარობითა და ერთამენთის დახმარებით, დავძლევთ ჩვენ ამ ვირუსს, იმ სიტუაციას, რომელიც გამოიწვია ამ ვირუსმა სამწუხაროდ ქვეყანაში“ ,- განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

ამასთან, ირაკლი ბურდილაძის თქმით, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ფონზე, საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად უმკლავდება არსებულ სიტუაციას, რის გამოც მათ მადლობაც გადაუხადეს.

„ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ფონზე, ძალიან კარგად უმკლავდება არსებულ სიტუაციას, რაც არის ძალიან მისასალმებელი და ამის გამო ჩვენ მადლობაც გადავუხადეთ მთავრობას“ ,- აღნიშნა ირაკლი ბურდილაძემ.