ირაკლი ბუღრიძე ბელგიელებს ესპანეთში შეუერთდა - „ბეერსხოტი“ რუსულ და ავსტრიულ გუნდებს ვამჯობინე
ირაკლი ბუღრიძე ესპანეთში გაემგზავრა და სეზონისთვის მომზადება ახალ კლუბთან, ბელგიურ „ბეერსხოტთან“ ერთად, მურსიაში დაიწყო.
პირველი არხის ინფორმაციით, 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კლუბთან სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და საჩხერეს „ჩიხურას“ თავდამსხმელის კონტრაქტი 1,5+2–წლიანია და მხარეები ხელშეკრულების პირობებს წელიწადნახევრის შემდეგ გადახედავენ.
ბელგიურმა კლუბმა ქართველთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალური ცნობით დაადასტურა.
„ბუღრიძე, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, „ჩიხურას“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. სწრაფმა გარემარბმა 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. „ბეერსხოტი“ მის სანაცვლოდ კლუბს საკომპენსაციო თანხას გადაუხდის, რადგან გუნდის მმართველი საბჭო და ტექნიკური კომიტეტი ბუღრიძის საჭიროებაში დარწმუნდა“, – წერს „ბეერსხოტის“ ვებ-გვერდი.
„ირაკლი ძლიერი, სწრაფი და დრიბლინგით გამორჩეული თავდამსხმელია და სამომავლოდ გუნდის შეტევის პოტენციალის გაძლიერება შეუძლია. მე მისი თამაშები ვნახე, ძალიან დამაიმედებელია, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუღრიძე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და „ბეერსხოტში“ გადასვლა მისთვის დიდი ნაბიჯია. ჩვენ მას ადაპტაციისთვის დრო უნდა მივცეთ“, – ამბობს ერნან ლოსადა, რომელიც გუნდის მთავარი მწვრთნელის, სტეინ ვრევენის თანაშემწეა.
კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა – „ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ტრანსფერი ჩემთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ძალიან მოტივირებული ვარ. სხვა გუნდების წინადადებებიც მქონდა, მათ შორის რუსეთიდან და ავსტრიიდან, მაგრამ ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ „ბეერსხოტი“ ვამჯობინე, რომელიც ახლა ჩემთვის გასაზრდელად იდეალური ვარიანტია და მსურს, რომ გუნდთან ერთად გავიზარდო. მაგრამ იმასაც ვაცნობიერებ, რომ ადაპტაციისთვის დრო მჭირდება, ჩემი შესაძლებლობები რომ გამოვავლინო“.
„ბეერსხოტი“ ბელგიის „ბ“ დივიზიონში გამოდის, მეორე ადგილზეა და დიდი შანსია, რომ შემდეგი სეზონი მთავარ ბელგიურ ლიგაში ითამაშოს.