„დილამ“ ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი დაამარცხა - გორელთა შეკრება დასრულებულია [ვიდეო]
„დილამ“ ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი დაამარცხა - გორელთა შეკრება დასრულებულია [ვიდეო]

გორის „დილამ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა. ანდრეი დემჩენკოს გუნდს ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონი კოსტანაის „ტობოლი“ დაუპირისპირდა და მატჩი ქართული გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:0.

გორელები პირველ ტაიმში უკეთ მოქმედებდნენ და ანგარიში გახსნეს. კუთხურის გათამაშების შემდეგ ყაზახების კარში ამოს ნონდიმ დაარტყა, მცველმა კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ნახევარში ყაზახებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ მეკარე ლუკა გუგეშაშვილს ვერ აჯობეს, გორელთა ერთ-ერთი კონტრშეტევა კი გოლით დასრულდა. ირაკლი ბუღრიძის დარტყმული ბურთი მეკარემ ცუდად მოიგერია, დამატებაზე კი გასინჯვაზე მყოფმა გუტიმ გაიტანა. საბოლოოდ, „დილამ“ ანგარიშით 2:0 მოიგო და ამით გორელებმა თურქული შეკრება დაასრულეს.

„დილა“ (სასტარტო): გუგეშაშვილი – ჩიტეიშვილი, ეტოუ, მაისაშვილი, ვონდერსონ სილვა – ბიძინაშვილი, ნონდი, გაგნიძე – ღუდუშაური, კაპანაძე, ბუღრიძე

„მეტოქემ უფრო ენერგიულად და სწრაფად ითამაშა. ჩვენ კი მარტივი გოლები გავუშვით, თავს ძალიან ცუდად ვიცავდით და უბრალო ვითარებაში ბევრი შეცდომა დავუშვით. შეტევითაც უკმაყოფილო დავრჩი. იყო მომენტები, მაგრამ რეალიზაციაში მოვიკოჭლეთ. ამ თამაშმა უამრავი ინფორმაცია მოგვაწოდა. ვნახეთ ის პრობლემები, რომლებიც უნდა მოგვარდეს. საერთოდ ძალიან კარგი სპარინგი გამოგვივიდა,“ – განაცხადა ყაზახური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა გრიგორი ბაბაიანმა.