ირაკლი ბერაია - უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯები არ უნდა იყოს ორიენტირებული პარტნიორების დაკარგვაზე, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები არ უნდა იყოს სააკაშვილის მძევალი
ირაკლი ბერაია - უკრაინის ხელისუფლების ნაბიჯები არ უნდა იყოს ორიენტირებული პარტნიორების დაკარგვაზე, ქართულ-უკრაინული ურთიერთობები არ უნდა იყოს სააკაშვილის მძევალი

ძალიან არასამართლიანი და არასწორი გადაწყვეტილებაა, საქართველოს ელჩს მიანიშნო, რომ ქვეყანა დატოვოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინელ ხალხს, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას.

„ეს არის არამეგობრული და კონფრონტაციული ნაბიჯი ქვეყანასთან, რომელიც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოა. საქართველო მხარს უჭერდა, უჭერს და ყოველთვის დაუჭერს უკრაინელ ხალხს, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს მსგავსი გამოწვევები, მსგავსი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ეს გადაწყვეტილება გაუგებარი და გაუმართლებელია. უკრაინის ხელისუფლება უნდა ცდილობდეს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი მეგობარი და პარტნიორი შემოიკრიბოს და მისი ნაბიჯები არ უნდა იყოს ორიენტირებული პარტნიორების დაკარგვაზე. რაც შეეხება მიზეზებს და სააკაშვილის ფაქტორს, სააკაშვილის მძევალი არ უნდა იყოს ქართულ-უკრაინული ურთიერთობები. სააკაშვილის გარდა, არის სხვა ფაქტორებიც და ამ დეტალებზე საუბარს საჭიროდ არ ვთვლი. ჩვენთვის ყველაფერი გასაგებია, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე ჩვენი მხრიდან გავლენას არ და ვერ მოახდენს. საქართველოს მხრიდან უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ უკრაინას ყოველთვის მხარს დავუჭერთ როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. რაც შეეხება მხარდაჭერას სამხედრო თვალსაზრისით, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ომის წილში არავის არ ჩავუსხდებით და ყოველთვის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დავიცავთ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.