ირაკლი ბერაია - საქართველოს კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ნატო-ს ასამბლეის დღის წესრიგში, იქნება შესაბამისი ანგარიშები, რეზოლუციები, სადაც ყურადღება საქართველოს დაეთმობა
ჩვენი მთავარი სასაუბროა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლებს კიდევ ერთხელ დავანახოთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარების აუცილებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ საქართველოს პირველ არხს კოპენჰაგენში განუცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს.
ბერაიას თქმით, საქართველოს კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასამბლეის დღის წესრიგში და იქნება შესაბამისი ანგარიშები, რეზოლუციები, სადაც ყურადღება საქართველოს დაეთმობა.
„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა არის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმა, სადაც როგორც ნატო-ს წევრი, ასევე პარტნიორი სახელმწიფოები განიხილავენ ევროატლანტიკური სივრცის და გლობალური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს. წლიური ასამბლეა, რომელიც კოპენჰაგენში იმართება, დატვირთულია საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხებით. ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოება, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა, ნატო-ს შეკავების და თავდაცვის პოლიტიკა, ადაპტაცია მზარდი უსაფრთხოების გარემოს საპასუხოდ და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი. ასამბლეა იყო ყოველთვის ურყევი და ხმამაღალი საკუთარ მხარდაჭერაში საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების და მედეგობის გაძლიერების მიმართ. საქართველოს კვლავ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასამბლეის დღის წესრიგში და იქნება შესაბამისი ანგარიშები, რეზოლუციები, სადაც ყურადღება დათმობილი იქნება საქართველოზე.
გარდა კომიტეტების და პლენარულ სხდომაში მონაწილეობისა, გვექნება ბევრი ორმხრივი შეხვედრა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან და ჩვენ ასამბლეაში, ამ მნიშვნელოვან პლატფორმას გამოვიყენებთ კიდევ ერთხელ, რათა ჩვენს ნატოელ პარტნიორებს ვესაუბროთ რუსულ ოკუპაციაზე, ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, აგრესორ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე. ჩვენი მთავარი სასაუბრო არის, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლებს კიდევ ერთხელ დავანახოთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარების აუცილებლობა, ამ კუთხით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების გადაუდებელი საჭიროება და ამ მიზნით ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელობა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.