ირაკლი ბერაია - მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადება, რომ ისინი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ძალისხმევას გააერთიანებენ
მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადება, რომ ისინი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ძალისხმევას გააერთიანებენ, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის აგრესია გამოწვევაა გლობალური უსაფრთხოებისთვის.
„რუსეთის აგრესიული და დესტრუქციული საქმიანობა გამოწვევაა არა მარტო რეგიონული, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ძალისხმევას გააერთიანებენ და გაააქტიურებენ. რასაკვირველია, ეს ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. რუსეთი დესტრუქციულ ქმედებებს, ჩვენი რეგიონების ოკუპაციას და მილიტარიზაციას, ასევე ჰიბრიდულ კამპანიას აგრძელებს როგორც საქართველოში, ასევე ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ. ჩვენი პარტნიორების გაძლიერებული ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის აგრესიის და უკანონო ქმედებების შესაკავებლად“, – განაცხადა ბერაიამ.