ირაკლი ბერაია -  გიორგი მარგველაშვილმა სამარცხვინო განცხადებით წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს, ჯარს, ყურადღებით უნდა იყოს შესწავლილი ამის უკან მდგარი მოტივები
ირაკლი ბერაია -  გიორგი მარგველაშვილმა სამარცხვინო განცხადებით წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს, ჯარს, ყურადღებით უნდა იყოს შესწავლილი ამის უკან მდგარი მოტივები

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ყურადღებით უნდა იყოს შესწავლილი გიორგი მარგველაშვილის განცხადების მიზანი.

მისი შეფასებით, შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი პირდაპირ და დაუფარავად ეწევა თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას.

ამასთან, როგორც ბერაიამ აღნიშნა, მარგველაშვილმა საჯაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში.

„ყველამ მოვისმინეთ, რომ მას რეალური ჰგონია, ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში. ეს არის სამარცხვინო ადამიანის სამარცხვინო განცხადება, რომელმაც წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ჯარს, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირებს, მათ ხსოვნას, მათ ოჯახებს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს და თავად პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამ უპასუხისმგებლო სუბიექტს არაერთხელ გაუოცებია ქართული საზოგადოება უმსგავსო, არაადეკვატური და არასერიოზული განცხადებებით, მაგრამ ეს გაუგონარი, საღი აზრისგან შორს მდგარი ბოდვა გაცდენილია ყოველგვარ საზღვრებს. შემაშფოთებელია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი უმაღლესი მთავარსარდალი პირდაპირ და დაუფარავად ეწევა თავდაცვის ძალების დისკრედიტაციას. ის არის პირდაპირ ჩართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდაში. თავისი გამონათქვამების შინაარსით და სიმძიმით ხდება პირდაპირი მოკავშირე საქართველოს მტრების, რომლებიც მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დამსხვრევას და საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯის განადგურებას. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის მტრობა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უნდა მართებდეს მეტი გონიერება, წინდახედულობა და ჰქონდეს ღირსება, პირველ რიგში. როგორც ჩანს, ამ ადამიანმა ვერაფერი ისწავლა ვერც პრეზიდენტობისას და ვერც პრეზიდენტობის შემდგომ პერიოდში. ასეთი ადამიანები თავიანთი უღირსი განცხადებებით და სიცრუით სერიოზული საფრთხის მატარებლები არიან ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით, საქართველოს უსაფრთხოებისთვის და ასევე რეპუტაციული თვალსაზრისით, ასეთ განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან პერიოდში. ვფიქრობ, უნდა იყოს ყურადღებით შესწავლილი ამ განცხადების უკან მდგარი მოტივები და ასევე ამ განცხადების მიზანი. მინიმუმ, რაც ამ სუბიექტმა უნდა გააკეთოს, არის საჯაროდ ბოდიშის მოხდა ქართული სახელმწიფოს წინაშე, ქართული საზოგადოების წინაშე და, რასაკვირველია, ქართული ჯარის და ჩვენი სახელოვანი სამხედრო მოსამსახურეების წინაშე“, – განაცხადა ბერაიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.