ირაკლი ბერაია - ჩვენი ქვეყანა მზადაა ნატო-სთვის, მნიშვნელოვანია, ალიანსმა გამოიჩინოს გეოპოლიტიკური გამბედაობა და სრულად გააცნობიეროს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა
ვაშინგტონის ხელშეკრულების პრინციპებისადმი ერთგულებით, ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვის შესაძლებლობითა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილით, ჩვენი ქვეყანა სრულად არის მზად ალიანსის წევრობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ალიანსმა გამოიჩინოს გეოპოლიტიკური გამბედაობა და სრულად გააცნობიეროს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა.
ირაკლი ბერაიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას ქვეყნის მხარდაჭერის პროცესში პერსონალური როლისთვის მადლობა გადაუხადა.
„ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის მხარდაჭერის პროცესში თქვენი პერსონალური როლისთვის. ასევე, მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვხატო ისრაელელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნატო-ს წევრობა ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია, კონსტიტუციით განმტკიცებული და ჩემი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ვაშინგტონის ხელშეკრულების პრინციპებისადმი ერთგულებით, ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვის შესაძლებლობითა და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილით, ჩვენი ქვეყანა სრულად არის მზად ალიანსის წევრობისთვის. საქართველოს წევრობაზე გადაწყვეტილება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული და ძალიან მნიშვნელოვანია, ალიანსმა გამოიჩინოს გეოპოლიტიკური გამბედაობა და სრულად გააცნობიეროს ამ გადაწყვეტილების აღსრულების აუცილებლობა. საქართველოს წევრობის საკითხი პრიორიტეტად უნდა დარჩეს ნატო-ს წევრი ქვეყნების დღის წესრიგში წევრობის მიღწევამდე. ამასთანავე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მსგავსი მოწინავე დემოკრატიების და დიდი ხნის განმავლობაში საქმეში გამოცდილი ასპირანტების თავდაცვის და მედეგობის მხარდაჭერის უფრო გაძლიერება, განსაკუთრებით შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კონტექსტში, რის გარეშეც ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ირაკლი ბერაიამ მირჩა ჯოანას მიმართა კითხვით: „უსაფრთხოების გარემოს გაუარესების გათვალისწინებით, როგორია ნატო-ს ხედვა ასპირანტებთან პრაქტიკული თანამშრომლობის ინსტრუმენტების გაძლიერებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით?“
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ საპასუხოდ აღნიშნა: „ვიდრე უკრაინაში რუსეთის ომი დაიწყებოდა, საქართველო იყო და ახლაც რჩება ყველაზე ძლიერ შესაძლებლობების პარტნიორად, რომელიც ნატო-ს ჰყავს, სხვა არცერთ პარტნიორთან, გარდა უკრაინისა, ჩვენ უფრო მეტს არ ვაკეთებთ, ვიდრე თქვენთან“. ამასთან, მირჩა ჯოანამ განაცხადა: „გააგრძელეთ რეფორმები, შეინარჩუნეთ ეს გეზი. მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ პოლიტიკური რეკომენდაციები მოგცეთ, აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თუ თქვენი სურვილია, თანამშრომლობა გაააქტიუროთ ამ კუთხით, შეზღუდული არ ხართ, მაგრამ ბურთი ახლა თქვენს მოედანზეა. იმედი მაქვს, ამ გზავნილს წაიღებთ თბილისში და გაააქტიურებთ ჩვენს ისედაც უკვე მტკიცე პარტნიორობას“.