ირაკლი ბენდელიანი - წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება, გადაუდებელი წესით გავაფორმებთ ხელშეკრულებებს ახალ კომპანიებთან
ირაკლი ბენდელიანი - წერეთლის გამზირზე იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება, გადაუდებელი წესით გავაფორმებთ ხელშეკრულებებს ახალ კომპანიებთან

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე კონტრაქტორი ჯერ არავინ არის, მიმდინარეობს შერჩევა, შეიძლება დღეს, დღის ბოლომდეც მოვახერხოთ ხელშეკრულებების გაფორმება, შეიძლება, ხვალ, დღის ბოლომდე გაფორმდეს, – ამის შესახებ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილემ, ირაკი ბენდელიანმა განაცხადა.

ბენდელიანის განცხადებით, იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება.

„მე ყოველდღიურად ობიექტზე ვიმყოფები ხოლმე და მუდმივად ვუწევ ზედამზედველობას ჩემს თანამშრომლებს. დღეს დილიდან რამდენიმე ტელევიზიას ვუყურე, რომლებიც მიზანმიმართულად მოსახლეობას ატყუებენ, პანიკას თესავენ, თითქოს ხელოვნურად სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება, ეს სამუშაოები ვერ დასრულდება. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება. თქვენ იცით, რომ მაგ ობიექტზე ჩვენ გვქონდა 24-საათიანი მუშაობის მოთხოვნა, ვალდებულება ჰქონდათ კომპანიებს. შესაბამისად, ეს დარღვევები როდესაც დაფიქსირდა, რომ კომპანიები რიგ შემთხვევებში 24 საათი არ მუშაობდნენ, იყო გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება. გეუბნებით და გიდასტურებთ, დაახლოებით ორ კვირაში, იანვრის ბოლოს საგზაო ნაწილში მოძრაობა გახსნილი იქნება. რამდენჯერაც მოხდა ვადაგადაცილება, უხარისხოდ სამუშაოების შესრულება, იმდენჯერ მოხდა ამის დაფიქსირება. შესაბამისად, ამ არგუმენტების ერთობლიობით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ კომპანიებთან შეგვეწყვიტა ხელშეკრულება. უამრავი გაფრთხილება, ინსპექტირების აქტი და ჯარიმა არის შედგენილი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორება მოხდება კომპანიების მიერ.

„მოსახლეობისთვის უფრო ნათელი რომ იყოს, უხარისხოდ შესრულებული არ აღვიქვათ ისე, რომ რაც გაკეთდა სამუშაოები, ეს უხარისხოა. ამ მასშტაბის სამუშაოებზე როდესაც არის საუბარი, შეიძლება რაღაც გაკეთდეს უხარისხოდ, მაგრამ ამის ვალდებულება აქვს კომპანიას, რომ ეს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები გამოასწოროს. როდესაც დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა, ამის შემდგომ ხდება ამ სამუშაოებზე თანხის გადახდა. ნებისმიერი უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორება მოხდება კომპანიების მიერ. არცერთ კომპანიას, რომელსაც ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს მუნიციპალიტეტთან და ვალდებულება აქვს აღებული, რომ შეასრულოს კონკრეტული სამუშაო, არცერთ კომპანიას არ ეპატიება ვადაგადაცილება, არაჯეროვნად და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. ყველა კომპანიას აქვს უფლება, თუ არ ეთანხმება იმ გადაწყვეტილებას, რაც მერიამ მიიღო, მიმართოს სასამართლოს. რაც შეეხება სანქციებს, სანქციები იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული. ხარვეზების გამოსწორება მოუწევს იმ კომპანიებს, ვინც ობიექტზე სამუშაოებს გააგრძელებს. თუმცა იმ კომპანიებს, რომლებმაც ეს ხარვეზები დაუშვეს, ამ კომპანიების მიმართ სამუშაოების თანხა არ იქნება გადახდილი. ახლა მიმდინარეობს ბაზრის კვლევის პროცესი და ვინც უმცირეს ფასს დაგვიდებს, ოღონდ უმცირეს ფასთან ერთად ბევრი პირობა გვაქვს გათვალისწინებული – ეს არის ხარისხი, ვადები და ა.შ. ამ პირობების მიხედვით შევარჩევთ კომპანიებს. ტენდერი გამარტივებული წესით გამოცხადდება. გადაუდებელი წესით გავაფორმებთ ხელშეკრულებებს“, – განაცხადა ბენდელიანმა.