ირაკლი ბენდელიანი - სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული ავტომანქანებისთვის 31-დან 29 ოჯახმა უკვე მიიღო კომპენსაცია
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ავტომანქანების ნაწილში 31 დაზარალებული გვყავდა, საიდანაც 29 ოჯახს უკვე მიეცა კომპენსაცია, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
ირაკლი ბენდელიანი ოპოზიციის დღევანდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციას არასდროს ჰქონია დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების პრობლემა.
„როგორც ყოველთვის, ესეც არის სრული სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ეს არის ტიპიური შოუ, თორემ ყველასთვის ღიაა მთავრობის კარი. ოპოზიციას არასდროს ჰქონია სხდომაზე მოსვლის და დასწრების პრობლემა. რაც შეეხება დაზარალებულებს, ამ ნაწილშიც არ არის სწორი ინფორმაცია. ჩვენ გვყავს ორი ტიპის დაზარალებულები. ადამიანები, რომლებსაც დაუზიანდათ ავტომობილები და ადამიანები, რომლებსაც დაუზიანდათ ბინები და ნივთები. ავტომანქანების ნაწილში 31 დაზარალებული გვყავდა, საიდანაც 29 ოჯახს უკვე მიეცა კომპენსაცია. რაც შეეხება ბინებისა და იქ არსებული ინვენტარის ნაწილს, ველოდებოდით სამხარაულის ბიუროდან ექსპერტიზის დასკვნას“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისივე თქმით, ბინების რემონტის, ინვენტარის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის ნაწილში კომპენსაციების დარიგება უახლოეს დღეებში მოხდება.
„ჩვენ წინა კვირას მივიღეთ ეს დასკვნა, სადაც ოჯახების მიხედვით დეტალურად არის გაწერილი ხარჯების ოდენობის, ზიანის ოდენობის მიხედვით. გამგეობიდან უკვე გადმოგზავნილია მერიაში ამ ოჯახების განცხადებები და უახლოეს დღეებში მოხდება ამ ოჯახებისთვის კომპენსაციის დარიგება. როგორც რემონტის, ისევე ინვენტარის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის ნაწილში. თვითონ დაზარალებულთა ბინები, რომლებიც მდგრადობის თვალსაზრისით არ იყო ბოლომდე მდგრადი და საჭიროებდა კაპიტალურ გამაგრებას, ამ ნაწილშიც მერიამ სრულად აიღო პასუხისმგებლობა და გამაგრებული გვაქვს. ამასთანავე, თქვენ იცით, რომ ამ კორპუსს ამ სპეცოპერაციამდეც ჰქონდა ავარიული სტატუსი და ამასთან დაკავშირებითაც, სამხარაულში დეტალური დასკვნა გვაქვს გაკეთებული და ამ ნაწილშიც დავიწყებთ სამუშაოებს“, – აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მერიაში, სადაც მთავრობის სხდომა მიმდინარეობდა, ხმაური იყო. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლევან ხაბეიშვილი და ლილე ლიპარტელიანი მერიაში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, დაზიანებული კორპუსის სამ მცხოვრებელთან ერთად მივიდნენ.