ირაკლი ბენდელიანი - წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს 
ირაკლი ბენდელიანი - წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს 

წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პროვაიდერი კომპანიების გარდა, რამდენიმე კონტრაქტორი კომპანია შეასრულებს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები, სარეაბილიტაციო არეალის მასშტაბიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს.

„გუშინდელი დღიდან, 18 აპრილიდან წერეთლის გამზირსა და ე.წ. დიდუბის ხიდზე დავიწყეთ შესაბამისი ბარიერებით კონკრეტული სარეაბილიტაციო არეალის შეზღუდვა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მთლიანი მონაკვეთი შეიზღუდება. ღამის განმავლობაში კი მოხდება შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ობიექტზე გადმოყვანა. ხვალ დილიდან დაგეგმილი გვაქვს, დავიწყოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები. რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, ეს იქნება 24-საათიან რეჟიმში, ვინაიდან ვიცით, რომ სარეაბილიტაციო არეალი საკმაოდ მასშტაბურია და წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური გამზირია ქალაქისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონკრეტულად იმ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქედან გამომდინარე, იძულებული ვართ, ღამის განმავლობაშიც ვაწარმოოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესში სრულად შეიცვლება კომუნიკაციები.

„ეს იქნება სრული რეაბილიტაცია როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების, მოეწყობა გამწვანებული თარგები, გარე განათების ქსელი და მიწისქვეშა ურნები. რამდენიმე კომპანიაა ამ პროცესში მერიის მხრიდან ჩართული. გარდა ამისა, პროვაიდერი კომპანიები იქნებიან ჩართული. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“, „თელასი“, „თბილისი ენერჯი“, „მაგთი“, „სილქნეტი“ და აშ., რადგან ამ კომპანიების საკუთრებაშია არსებული ქსელები და საჭიროა მათი სრულად ჩანაცვლება.

ხიდის ნაწილში დაგეგმილი გვაქვს, რომ ოქტომბერში დავასრულოთ სამუშაოები. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ ხიდი იყოს ავთენტურად, პირველად მდგომარეობაში შენარჩუნებული, ხოლო რაც შეეხება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, იანვარში დასრულდება სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ღირებულება წერეთლის გამზირის ნაწილში არის 28 მილიონ 400 ათასი ლარი, ხოლო ხიდის ნაწილში არის დაახლოებით ოთხი მილიონ ორასი ათასი ლარი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.