ირაკლი ბენდელიანი - ეკონომიის გაკეთება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე არ მოხდება, ჩვენ ხარისხის გაუმჯობესებას ვგეგმავთ
ეკონომიის გაკეთება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებზე არანაირად არ მოხდება, პირიქით, ჩვენ ხარისხის გაუმჯობესებას ვგეგმავთ – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„კალორაჟის ახალი რაოდენობა მთავრობის დადგენილების მიხედვით განისაზღვრა. მიმდინარე წლის იანვრიდან ახალი მომსახურების შესყიდვა მოხდა და ბაგა–ბაღებისთვის საკვების მიწოდება ახლა სწორედ ამის ფარგლებში ხორციელდება. დღევანდელი მენიუ მთავრობის მიერ დამტკიცებულ კალორაჟს და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პირობებს შეესაბამება“, – განაცხადა ბენდელიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა პრობლემები აღსრულების ნაწილში და რამდენად საფუძვლიანია უკმაყოფილო მშობელთა პრეტენზიები, რომლებიც აცხადებენ, რომ კონკრეტულ ბაგა–ბაღებში კონკრეტული დარღვევებია, ირაკლი ბენდელიანმა თქვა, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
„დარღვევები არ აღმოჩენილა, თუ არ ჩათვლით გუშინდელ ფაქტს, როცა ღვინის შეფუთვაში ჩამოსხმული რძე იყო. რაც შეეხება განცხადებას, რომ ბაღს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა და ამის გამო ბავშვების საკვები ვერ მომზადდა, ეს არ შეიძლება, მიმწოდებელი კომპანიის ბრალეულობა იყოს. ბრალდებები ხშირად ისმის და უკვე გვიჩნდება ეჭვი, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, ვინაიდან გავრცელდა კონკრეტული ინფორმაცია იგივე ხორცზე, თევზზე და როცა გადავამოწმეთ, სიმართლე არ აღმოჩნდა“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.