ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დაფიქსირდა დარღვევები, რის გამოც ორ კომპანიასთან ხელშკრულება გაწყდა
თბილისის მერიის მიერ ხორციელდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია. გუშინ მოხდა საგზაო მიმართულებით განმახორციელებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულებების შეწყვეტა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ 24-საათიან მონიტორინგს ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე და დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, ისეთი, როგორიც არის ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა.
„ასევე, გარკვეულ ნაწილში იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევთ კომპანიებს. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებიდან თანხები არ გადახდილა იქამდე, ვიდრე ეს ხარვეზიანი სამუშაოები სრულად არ გამოსწორდება. ასევე, ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან იცით, რომ ჩვენ მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, რომ იანვრის ბოლოს უნდა გაიხსნას წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა, ორმხრივად უნდა აღდგეს და საგზაო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. ამიტომ დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებები. არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, გაგრძელდება შეუფერხებლად სამუშაოები და ის ვადა, რაც ჩვენ მოსახლეობისთვის გვქონდა ნათქვამი, არ გადაიწევს და იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად აღდგენილი“, – განაცხადა ბენდელიანმა.