ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გელა გოჭოშვილს დე ფაქტო რეჟიმმა ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა
უკანონოდ დაკავებულ გელა გოჭოშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ერგნეთის შეხვედრაზე გახდა ცნობილი და მედიას სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ მიაწოდა ინფორმაცია.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა დღეს ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედარზე განიხილეს ყველა ის ინციდენტი, რაც საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში მოხდა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის ინციდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში. ასევე, ვისაუბრეთ მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებებზე და უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე. შეხვედრაზე გაგვიზიარეს ინფორმაცია გელა გოჭოშვილთან დაკავშირებით. მას ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ის ბრალდებები, რაც მის მიმართაა წაყენებულია, სრულიად უსაფუძვლოა“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა გენადი ბესტაევის უკანონო პატიმრობაზეც ისაუბრეს. ბესტაევი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით ოკუპირებული ცხინვალიდან თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს. მას ინსულტი განუვითარდა.
როგორც აღინიშნა, ასევე, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნა.