ირაკლი ანთაძე - ზაზა გახელაძის მიმართ მიღებული ე.წ. გადაწყვეტილება უკიდურესად ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი ქმედებაა
უკანონო პატიმრის, ზაზა გახელაძის მიმართ მიღებული ე.წ. გადაწყვეტილება უკიდურესად ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი ქმედებაა, – ამის შესახებ სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც თანამოქალაქეები საოკუპაციო ძალების მიერ არიან უკანონოდ თავისუფლება აღკვეთილნი, რაზედაც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას.
„ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების პირველივე დღიდანვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ისევე როგორც ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, აქტიურად არის ჩართული პროცესებში. ყოველდღიურ რეჟიმში წარმოებს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ეს საკითხი, ისევე როგორც ყველა, ჩვენი უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქის უპირობოდ გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა როგორც IPRN-ის ფორმატში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე. ჩვენი კომუნიკაციის მექანიზმები არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ასევე გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების წარმომადგენლებთან და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა მაღალი რანგის დიპლომატთან. რაც შეეხება წითელ ჯვარს, ოჯახს აქვს კომუნიკაცია საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტთან. რამდენჯერმე უკანონო პატიმარი ზაზა გახელაძე მოინახულეს აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. წითელ ჯვართან გვაქვს შესაბამისი კონსულტაცია. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ცხელი ხაზის მეშვეობით რეგულარულად ხდება მისი მდგომარეობის ამბის გამოკითხვა. იგი ამჟამად თავს გრძნობს კარგად და ეს ინფორმაციაც მიეწოდება უკანონო პატიმრის ოჯახს“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.