ირაკლი ანთაძე - შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას გაიმართოს კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის ყველა მონაწილე შევთანხმდით ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შემდგომშიც გატარებული იქნება ყველა ძალისხმევა, რათა შესაძლო გართულებები განიმუხტოს კონსტრუქციული დიალოგის გზით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ გაუზიარეს პოზიციები ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე სტანდარტული პოლიციის საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით.
„მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული, თუმცა შეხვედრაზე შეინიშნებოდა გარკვეული ნიშნები, რომ არის მზაობა, გაგრძელდეს დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში და ამ მიზნით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, მომავალ კვირას გაიმართოს კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა მონაწილე შევთანხმდით ერთ ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შემდგომშიც გატარებული იქნება ყველა ძალისხმევა, რათა შესაძლო გართულებები განიმუხტოს კონსტრუქციული დიალოგის გზით. შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ არ გადაიდგას არანაირი ნაბიჯი მდგომარეობის ესკალაციისთვის. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი შეთანხმება მომავალ კვირაში ტექნიკური შეხვედრის ჩანიშვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შეხვედრის ზუსტ თარიღს, ეს დგინდება სამუშაო რეჟიმში მხარეთა შეთანხმებით“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ქართულ მხარესთან ერთად, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეუთო-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, აგრეთვე, ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.