ირაკლი ანთაძე - რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა გალში IPRM-ის შეხვედრა ჩაშალეს
რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (IPRM) მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა ჩაშალეს, – ამის შესახებ გალის შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ, პირველ არხთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი იყო, თუმცა, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვეს.
„საქართველოს მთავრობის მიერ „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ მიღება რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე-ფაქტო წარმომადგენლების მიერ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებისთვის იქნა გამოყენებული. კერძოდ, მათ ფორმატისთვის შეუფერებელი, შანტაჟისა და ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს გიგა ოთხოზორიას საკითხის შეხვედრის დღის წესრიგიდან ამოღება, რაც ბუნებრივია, მიუღებელია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, ვინაიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ სამართლის აღსრულება არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხი“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება გაკეთდა, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციის და აფხაზეთის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა შეხვედრა ჩაშალეს და დატოვეს.
დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს მთავრობამ გუშინ დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი.