ირაკლი ანთაძე - ერგნეთის შეხვედრაზე დავაყენეთ უკანონო პატიმრობაში მყოფთა გათავისუფლების საკითხი, მოვითხოვეთ განახლებული ინფორმაცია გინტურის საქმეზე, თუმცა ტრადიციული პასუხი მივიღეთ
ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში დღეს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის, დიმიტრი კორინთელისა და გიორგი მელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო თამაზ გინტურის მკვლელობა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს მკვლელობაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და მათი უმკაცრესად დასჯა, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი კვლავ აცხადებს, რომ ე.წ. მესაზღვრეები კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.
როგორც აღინიშნა, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები. ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის ორი ფაქტი დაფიქსირდა, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.
„დავაყენეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების გათავისუფლების საკითხი. დღეს ალბათ გვეცოდინება ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება ორ მათგანთან დაკავშირებით. როგორც კი რამე გვეცოდინება, ინფორმაცია გაზიარდება ოჯახებისთვის. რაც შეეხება ბორდერიზაციას, გვქონდა ორი შემთხვევა მიმდინარე წელს. გავაჟღერეთ ჩვენი პოზიცია ნულოვან კოეფიციენტთან დაკავშირებით, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ შეძლოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილება. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მინიმუმამდე დავიდეს ეს საფრთხეები. თამაზ გინტურის საქმეზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან მონაწილეებს მოვთხოვეთ, წარმოედგინათ განახლებული ინფორმაცია. სამწუხაროდ, მათგან მივიღეთ ტრადიციული პასუხი. კერძოდ, გვითხრეს, რომ გამოძიება ჩატარდა და ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. ამგვარი პოზიცია არის აღმაშფოთებელი, ცინიზმი. რაც შეეხება დავით გურწიევს, ეს საკითხი დაისვა, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია. ეს პიროვნება არის ინტერპოლით ძებნილი დამნაშავე, რომელიც მსჯავრდებულია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების გარემოსთვის“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.