ირაკლი ანთაძე - დიალოგის გაგრძელების პერსპექტივებზე კონსენსუსი არსებობს
მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობა არის ერთადერთი შეთანხმება, რასაც მხარეებმა ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე მიაღწიეს, – ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პოზიციები კვლავ არის დიამეტრალურად განსხვავებული. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ პოლიციის სტანდარტული საგუშაგო კვლავ გააგრძელებს ფუნქციონირებას და მისი დანიშნულებაა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა. კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა. კონსენსუსი მიღწეული არ არის. დიალოგის გაგრძელების პერსპექტივებზე კი, კონსენსუსი არსებობს. ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს პოზიციების დაახლოების მიზნით“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.
მისივე თქმით, გადასასვლელების ჩაკეტვა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უსაფუძვლოდ დაუკავშირეს ჩორჩანას ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს.
„ეს არის წმინდა ჰუმანიტარული ასპექტი, რითაც სარგებლობს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა. ეს აუარესებს ყოველდღიური ცხოვრების პირობებს. როდის გაიხსნება, ამაზე კონკრეტული პასუხი არ არის. გაგრძელდება მუშაობა, რომ ეს გადასასვლელები, რომლებიც აბსოლუტურად გამოგონილი მიზეზებით არის ჩაკეტილი, გაიხსნას“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.