ირაკლი აბსანძე - უნდა გამოვიდეთ კლიშედან, როცა ეთნიკურ, რელიგიურ, გენდერულ უმცირესობებს, როგორც ეგზოტიკას, ისე ვუყურებთ
ჩვენ უნდა გამოვიდეთ კლიშედან, როცა ეთნიკურ, რელიგიურ, გენდერულ უმცირესობებს, როგორც ეგზოტიკას, ისე ვუყურებთ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტმა, ირაკლი აბსანძემ
პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენ დომინანტი ერის წარმომადგენლებს ვუყვებით, რომ ასეთი უმცირესობები არსებობენ, მაგრამ მათზე, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ვსაუბრობთ, როგორც უცხო სხეულზე. მადლობა ღმერთს, ჩვენ მშვიდობიანი თანაცხოვრების პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ახლა დადგა ეტაპი, როცა ერთმანეთი უნდა ვაღიაროთ. ამისთვის მთავარია, ადამიანებისთვის, რომლებსაც ამ ქვეყანაში ცხოვრება უნდათ და, რომლებიც თავის ბედს ამ ქვეყანას უკავშირებენ, წარმატების ისტორიები შეიქმნას“, – განაცხადა ანსანძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა პირველი არხის ახალი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა.
„პირველ არხს აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივა. კონკრეტულ რეგიონებში, სადაც ეთნიკური ჯგუფები კომპაქტურად ცხოვრობენ და იქაურ სიტუაციასა და პრობლემატიკას უკეთესად ფლობენ, ვეძებთ კორესპოდენტებს. ყველას, ვისაც სურვილი და შესაბამისი კომპეტენცია აქვს, შეუძლია, დაგვიკავშირდეს. ჩვენ მათთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ“, – განაცხადა ირაკლი აბსანძემ.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე და მიზნად ისახავენ თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.