ირაკლი აბესაძე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირება ერთადერთი მოტივაციით აიხსნება, პრეზიდენტი იყოს ნომინალური ფიგურა
ირაკლი აბესაძე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირება ერთადერთი მოტივაციით აიხსნება, პრეზიდენტი იყოს ნომინალური ფიგურა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ირაკლი აბესაძის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოტივაციით აიხსნება, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ნომინალური ფიგურა იყოს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხზე აბესაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტს არანაირი დამოუკიდებლობის გარანტია არ ექნება და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნების გარეშე აქტივობებს ვერ დაგეგმავს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების ასეთი მკვეთრი შემცირება, სარეზერვო ფონდის მთლიანად გაუქმება შეიძლება,  „ქართული ოცნების“ ერთადერთი პოლიტიკური მოტივაციით აიხსნას – ახლად არჩეული პრეზიდენტი იყოს ნომინალური ფიგურა, რომელსაც არ ექნება არანაირი დამოუკიდებლობის გარანტია, არანაირი აქტივობები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნებისგან დამოუკიდებლად, ვერ შედგება როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც შეძლებდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასა და აქტივობების დაგეგმვას.  სამწუხაროა, რომ ამხელა რესურსი შეალია „ქართულმა ოცნებამ“ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას და დღეს ისინი ამ თავიანთ პრინციპულ არჩევანს  აბსოლუტურად უპრინციპო პრეზიდენტად ტოვებენ, დამოუკიდებლობის გარანტიების გარეშე, რომელიც იქნება ნომინალური ფიგურა“, – განაცხადა დეპუტატმა.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. ამასთან, ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე მცირდება, ხოლო ადმინისტრაციის დაფინანსება – 9,8 მილიონი ლარიდან 6 მილიონ ლარამდე.