ირაკლი აბესაძე - მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელი კადრი შეირჩეს
„ევროპული საქართველოს“ წევრ ირაკლი აბესაძეს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი საზოგადოებასთან კონსულტაციითა და კონსენსუსით უზენაესი სასამართლოს ისეთ კანდიდატს შეარჩევს, რომელიც სასამართლოს კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევა, რაც ახლა მიმდინარეობს, უმნიშვნელოვანესი პროცესია.
„კარგად ვხედავთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში როგორ გარღმავდა კრიზისი, რომელიც სასამართლოშია. რეალურად, დღეს ჩვენ მივიღეთ პოლიტიკურად დამოკიდებული და კორუმპირებული სასამართლო სისტემა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თავმჯდომარის კანდიდატურად „ქართული ოცნებისგან“ და პოლიტიკური გავლენებისგან რეალურად დამოუკიდებელი, პრინციპული და პროფესიონალი კადრი შეირჩეს, რომელიც შეძლებს, საზოგადოების ნდობა დაუბრუნოს სასამართლოს, რაც სასამართლოს ობიექტურობაზე გადის.
ამ პროცესიდან „ქართლი ოცნების“ გასვლა მორიგი მაგალითი და დასტურია იმისა, რომ ისინი რეალურად არ აპირებენ სასამართლო გაათავისუფლონ საკუთარი პოლიტიკური გავლენისგან, ისინი ვერ უძლებენ ცდუნებას, პირდაპირ აკონტროლონ სასამართლო.
იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი საზოგადოებასთან კონსულტაციითა და კონსენსუსით უზენაესი სასამართლოს ისეთ კანდიდატს შეარჩევს, რომელიც სასამართლოს კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს, ნაცვლად ისეთი კანდიდატურისა, როგორიც შეირჩა წინა შემთხვევაში პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ“, – განაცხადა აბესაძემ.