ირაკლი აბესაძე - კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის ხელისუფლების უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული მოქმედება უკვე მიღებული კანონმდებლობის აღსრულებისას
ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი აბესაძის მოსაზრებით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს რეალურად ქმნის არა იმდენად იზოლაციასა და კარანტინში მოქცეული ადამიანების მხრიდან ამ რეჟიმის დარღვევა, არამედ ხელისუფლების უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული მოქმედება უკვე მიღებული კანონმდებლობის აღსრულებისას.
აბესაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება 3000 ლარით აჯარიმებს ერთ მანქანაში მყოფ მეუღლეებს და რიგში მყოფ მამა-შვილს, მაგრამ იმავდროულად, ათასობით ადამიანს რელიგიური შეკრების შესაძლებლობას აძლევს, რაც ვირუსის ფართოდ გავრცელების რეალურ საფრთხეს ქმნის.
„ამავე საფრთხეს ქმნის ის უგუნური და ქაოტური შეზღუდვები, რაც ხელისუფლებას შემოაქვს. მაგალითად, ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვაზე, როცა ადამიანებს იძულებულებს ხდიან მეტი დრო გაატარონ ქუჩაში, უბნის მაღაზიებში რიგში დგომაში და უფრო მეტ ადამიანებთან ჰქონდეთ შეხება. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ადამიანების შესაძლებლობას ელემენტარული შემოსავალი მიიღონ იმ პირობებში, როცა მათ სახელმწიფო ჯერ საერთოდ არ ეხმარება“, – განაცხადა აბესაძემ.