ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ამ სეზონის პირველი “სუპერკლასიკო” გაიმართება, რომლის შექმნის ისტორიასაც ახლა გავიხსენებთ…
პირველი ხსენება
“ბარსელონას” დამაარსებელი ჰანს გამპერი (ჟოანი მას უკვე კატალონიაში შეარქვეს) არ აწყობდა დიდ გეგმებს ფეხბურთში და დიდად არც იმაზე ზრუნავდა, რომ აუცილებლად ჩაეწერა ისტორიაში თავისი სახელი. ეს მას შემთხვევით გამოუვიდა. აფრიკაში ბიზნეს-საქმეებზე მიმავალმა, ბარსელონაში შეიარა და საოცარი ქალაქით მოხიბლულმა, იქ სამუდამოდ დასახლება გადაწყვიტა. ხოლო იმის გამო, რომ ახალგაზრდობაში შვეიცარიელი სპორტული და აქტიური ადამიანი იყო, მის მალე დაიბადა თანამოაზრეებისგან გუნდის შეკრების იდეა.
ჩანაფიქრიდან რეალიზაციამდე ბევრი დრო არ გასულა. 1899 წლის ოქტომბერში, გამპერმა ადგილობრივ პრესაში განცხადება შეიტანა კლუბის შექმნაზე – და დაიწყო მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური ისტორია. “ბარსელონა” გახდა მეოთხე კლუბი კატალონიაში, ხოლო პიონერი “თანამოძმეების” გაქრობის შემდეგ, ყველაზე ძველ კლუბად დარჩა რეგიონში.
“ბლაუგრანას” მთავარი მოწინააღმდეგე მომდევნო საუკუნეში გაჩნდა, მის დამაარსებლებად კი… ბარსელონელები გამოვიდნენ. 1902 წლის გაზაფხულზე, ცნობილმა ვაჭრებმა ხუან და კარლოს პადროსებმა დააარსეს და დაარეგისტრირეს “მადრიდ ფუტბოლ კლუბი”. 18 წლის შემდეგ, ესპანეთის მონარქმა მას “სამეფო” ტიტული მიანიჭა და ბრენდის სახელწოდებაში შევიდა სიტყვა – “რეალი”. პადროსები კლუბის პირველი პრეზიდენტები იყვნენ.
პირველი შეხვედრა
თავდაპირველად, მომავალი გრანდები საკუთარ რეგიონულ ტურნირებში გამოდიოდნენ. მათი ისტორიული პირველი შეხვედრა 1902 წლის 13 მაისს გაიმართა. საფეხბურთო არენები ესპანეთის დედაქალაქში არ არსებობდა – მრავალფუნქციურ კომპლექსად საქალაქო იპოდრომს იყენებდნენ. საუკუნეების მიჯნაზე, ეს საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო ესპანური ელიტისთვის – დოღების გარდა, აქ იმართებოდა გამოფენები, სალონები და იშვიათად, საფეხბურთო მატჩები.
ამხანაგური ტურნირის – “კოპა დე კორონასიონის” (ესპანეთის თასის წინამორბედი) მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია მადრიდში. იპოდრომის ორივე ტრიბუნა სავსე იყო. პირველი “კლასიკოს” 2500 მაყურებელში საკმაოდ ბევრი ბოლო მოდაზე გამოწყობილი ქალიც იყო – გენდერული კუთვნილების მიუხედავად, უცხო თამაშმა ქალაქელთა ინტერესი გამოიწვია.
თვითმხილველთა გადმოცემით, მატჩზე საზეიმო და მშვიდობიანი ატმოსფერო სუფევდა. ხანდახან, პუბლიკა გართობისთვის დაუსტვენდა ხოლმე ჩამოსულ უცხოელებს – “ბარსელონას” შემადგენლობაში ექვსი “ლეგიონერი” თამაშობდა, მათ შორის, შვეიცარიელი დამაარსებელი და ფორვარდი გამპერი. ადგილობრივი გუნდის 1:3 წაგებას ხასიათი არ გაუფუჭებია მაყურებლისთვის. გუნდისგან, რომელიც სულ რაღაც ორი თვის შეკრებილი იყო, გმირობას არავინ ელოდა. მადრიდელმა ფეხბურთელებმა თავისი პორცია აპლოდისმენტები მიიღებს მონდომებისა და თავდადების გამო, სტუმრებმა კი უფრო მაღალი ოსტატობისთვისა და ფიზიკური მომზადებისთვის. მაშინ, ლაპარაკიც არ იყო გუნდებსა და გულშემატკივრებს შორის მტრობასა და სიძულვილზე.
პირველი გადასვლა
100 წლის წინ, ტრანსფერები თანამედროვე სახით, რა თქმა უნდა, არ არსებობდა. ასევე არ არსებობდა დღევანდელი ანტაგონიზმი. მიუხედავად ამისა, ისტორიამ შემოინახა იმ ფეხბურთელის სახელი, რომელიც პირველი გადავიდა ერთი გრანდიდან მეორეში. გვარი საკმაოდ ცნობილი იყო. 1902 წლის მაისში, სახელგანთქმული კომპოზიტორისა და პიანისტის ისააკ ალბენის ალფონსოს 16 წლის ვაჟი ბარსელონადან მადრიდში გადავიდა და ადგილობრივ გუნდს შეუერთდა. მიზეზი საპატიო იყო – სწავლა-განათლების მიღება დედაქალაქში. ალფონსოს ფეხბურთში დიდი სიმაღლეებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ ცნობილი ფუნქციონერი გახდა: შედიოდა კლუბის ხელმძღვანელობაში, იყო არბიტრთა ეროვნული კოლეგიის პირველი პრეზიდენტი.
XX საუკუნის პირველ 15 წელიწადში ალბენის-უმცროსის გზას დაადგნენ ხოსე კირანტე, არსენი კომამალა და პოლონელი ვალტერ როსიცკი. საპირისპირო მიმართულებით 1908 წელს გაემართნენ ჩარლზ უოლესი და ჰენრი ნორმანდი. ამ გადაადგილებებს ლუიშ ფიგუს სკანდალურ ტრანსფერთან შედარებით, მესამედი აჟიოტაჟიც კი არ გამოუწვევია.
პირველი ოფიციალური მატჩები
“მეფის თასი” – უძველესი ოფიციალური ტურნირია ესპანეთში. ლოგიკურია, რომ მისი ეგიდით “რეალი” და “ბარსელონა” პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ოფიციალურ დონეზე. მარტო 1916 წელს, ისინი ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რადგან სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესი არ არსებობდა. საშინაო მოგებების გაცვლის შემდეგ (2:1 – ბარსელონაში, 4:1 – დედაქალაქში), გუნდებმა 12-გოლიანი (!) დაუვიწყარი სპექტაკლი დადგეს – 6:6. მეოთხე ცდიდან მადრიდელებმა მაინც მოიპოვეს ფინალის საგზური, რომელშიც ოთხი გოლი მიიღეს ბილბაოს “ატლეტიკისგან”.
პირველი მატჩი ჩემპიონატში
დღეისთვის, ესპანურმა გრანდებმა ეროვნული ლიგის ეგიდით 175 მატჩი ჩაატარეს ერთმანეთში. პრემიერა 1929 წლის 17 თებერვალს შედგა – ესპანეთის ჩემპიონატის პირველ გათამაშებაში და მადრიდელმა სტუმრად მოგებით დასრულდა – 2:1. “კლასიკოში” ისტორიული პირველი გოლი “ბლანკოსის” ფორვარდმა რაფაელ მორერამ გაიტანა. მანვე გაიფორმა პირველი დუბლი ლეგენდარულ დაპირისპირებაში. ამის შემდეგ, კარიერაში განსაკუთრებული მიღწევა მას არ ჰქონია, მაგრამ ისტორიაში მოსახვედრად მეტი არც იყო საჭირო.
პრიმერაში ორი დიადი გუნდის დაპირისპირებას მცირედით იგებს “რეალი” (+72=33-69). სამაგიეროდ, ამ ორი გრანდის დუელში საუკეთესო ბომბარდირი ბარსელონელია: ლიონელ მესის 24 გოლი დაუგროვდა “კლასიკოში”. შემდეგ მოდიან მადრიდელები: ალფრედო დი სტეფანო – 18 და კრიშტიანუ რონალდუ – 17.
ჯამში 10 “ოქროს ბურთის” მფლობელთა მორიგი შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.