კარლო ანჩელოტი - ბელინგემმა გაგვაოცა, „ბარსელონასთან“ თამაშის სურათი კი ლუკა მოდრიჩმა შეცვალა #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - ბელინგემმა გაგვაოცა, „ბარსელონასთან“ თამაშის სურათი კი ლუკა მოდრიჩმა შეცვალა #1TVSPORT

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩის დასაწყისში „ბარსელონა“ ილქაი გიუნდოგანმა დააწინაურა, შემდეგ კი მადრიდელთა მხრიდან ორივე გოლი 20 წლის ჯუდ ბელინგემმა გაიტანა.

შეხვედრის შემდეგ „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ თამაშის დინამიკა მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შესულმა ლუკა მოდრიჩმა შეცვალა, რომელიც 38 წლისა და 47 დღის ასაკში გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, რომელმაც „ელ კლასიკოში“ ითამაშა.

„პირველ ნახევარში მადრიდის „რეალი“ იყო ნელი და ნაკლებად აგრესიული. სიტუაცია შეიცვალა მეორე ტაიმში. ზოგჯერ ისე ვერ თამაშობ, როგორც გინდა. საბედნიეროდ, თამაშის სურათი ჩვენ სასარგებლოდ შევცვალეთ და გავიმარჯვეთ.

ჯუდ ბელინგემი საოცარი ფეხბურთელია. ჩვენ გაოცებულები ვართ იმ სათამაშო დონით, რომელსაც ის გვაჩვენებს.

ვფიქრობ, „ბარსელონასთან“ დაპირისპირების სურათი და დინამიკა ლუკა მოდრიჩმა შეცვალა. მასთან ერთად ბურთის გაკონტროლება დავიწყეთ. საერთო ჯამში, სამი ქულა სტუმრად, უძლიერეს მეტოქესთან მოვიპოვეთ. სეზონი გრძელია, „ბარსელონა“ მის ბოლომდე კარგი გუნდი იქნება“, – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ლა ლიგაში ამ მომენტისთვის პირველ ადგილზე 28 ქულით მადრიდის „რეალია“, მეორე ადგილს ასევე 28 ქულით „ჟირონა“ იკავებს, ხოლო „ბარსელონა“ 24 ქულით მესამეა.