იოსებ კობერიძე - პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზეზი ე.წ. პოლიტიკოსებზე გაბრაზება იყო
პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზეზი ე.წ. პოლიტიკოსებზე და ამ სიტუაციაზე გაბრაზება იყო, – ამის შესახებ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, იოსებ კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ესენი იმათ აბრალებენ, ისინი ამათ და მიდის ე.წ. პინგ-პონგის თამაში. ერთმანეთს ასე ეთამაშებიან. ამათ ისინი აწყობთ, იმათ ესენი, ხალხზე კი არავინ არ ფიქრობს“, – განაცხადა კობერიძემ.
მისი თქმით, ოცდაათი წლის განმავლობაში, მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის უწევს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თექვსმეტი თვის განმავლობაში რა იქნება მისთვის პრიორიტეტული საკითხები, რომელთა მოგვარებაც პირველ რიგშია აუცილებელი, იოსებ კობერიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, მაგრამ მთაწმინდელებს არ შეპირდება, რომ რაღაცებს აუშენებს და გაურემონტებს, რადგან ეს დეპუტატის მოვალეობა არ არის.
შეკითხვაზე, რატომ უნდა მისცეს მთაწმინდის ამომრჩეველმა ხმა მაინცდამაინც მას, დეპუტატობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ის არანაირ პოლიტიკურ მაქინაციებში არ არის გასვრილი და ხმა სწორედ ამიტომ უნდა მისცენ.
„მოკლედ რომ ვთქვა, ბევრი დეპუტატისგან განსხვავებით, მე ვარ პატიოსანი, პატრიოტი ადამიანი და ბევრ დეპუტატზე უკეთესი დამოკიდებულება მაქვს ქვეყნისადმი. ეგენი ქვეყანაზე არ ფიქრობენ და მაქსიმუმ, თავიანთ პარტიულ ინტერესებზე ფიქრობენ, თორემ ხომ უნდა აისახოს მათი კანონშემოქმედება ხალხის კეთილდღეობაზე?“, – განაცხადა კობერიძემ.
როგორც კობერიძემ აღნიშნა, როცა პარლამენტში შევა, იცის, რომ რამდენიმე თანამოაზრე უკვე ჰყავს და იმედი აქვს, მეტი ეყოლება.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა არის პირველი რიგის ამოცანა, რომლის შესრულებასაც გამარჯვების შემთხვევაში შეუდგება, იოსებ კობერიძემ განაცხადა, რომ პირველი რიგის ამოცანა ხელისუფლებისთვის „ყვითელი ბარათის“ ჩვენებაა.
„ყვითელი ბარათი“ უნდა ვანახოთ ამათ. ხალხმა უნდა გამოიხედოს თვალში, რადგან თვალწინ გიფრიალებენ ერთს და მეორეს. მეტი, სხვა არ არის. აი, ვთქვათ, სხვადასხვა არხები აჩვენებენ, ზოგიერთი კანდიდატი როგორ მივიდა და როგორ უსმენდა მთაწმინდელებს. ერთი და იგივე დაშტამპული სახეებია. ყველანი ერთნაირები არიან“, – განაცხადა კობერიძემ.
მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ასევე განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი სლოგანია – ჯანსაღი მომავალი და მთავარია, როგორც ფიზიკური სიჯანსაღე, ასევე ჯანსაღი აზროვნება.