იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ ქუთაისის მე-14 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მხრიდან ამომრჩევლისთვის თანხის დარიგებაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას საარჩევნო უბნებზე დარღვევებთან დაკავშირებით.
ხატია დეკანოიძემ დარღვევებზე საუბრისას მათ შორის აღნიშნა, რომ ქუთაისის მე-14 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მხრიდან ამომრჩევლისთვის თანხის დარიგების ფაქტი გამოვლინდა.
როგორც ხახალეიშვილი ამბობს, ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელია და სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ქალაქში საარჩევნო პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.
„რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია. ფანტაზიის ნაყოფია, რასაც ყვებიან. ქალაქში ნორმალურად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი. მინდა, მათ მოვუწოდო და გავაფრთხილო, რომ მათი დესტრუქციული ძალებიდან გამომდინარე, ნუ შეეცდებიან დისონანსის, არეულობის შეტანას საარჩევნო უბნებზე. შესაბამისი ორგანოები კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებენ, რათა ნებისმიერი ძალადობის ფაქტი იყოს აღკვეთილი. უკვე ჰქონდათ მათ არაერთი მცდელობა, იყო მანქანებში შევარდნები, ადამიანების გამოკიდება და ასე შემდეგ. ამ ფაქტებს გავლენის მოხდება შეუძლია საარჩევნო კამპანიაზე“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ხახალეიშვილმა მოუწოდა ყველას, არ შეუშალონ ხელი საარჩევნო პროცესს. ასევე დაამატა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ მეორე ტურში მნიშვნელოვან გამარჯვებას მოიპოვებს.
„მინდა, მოვუწოდო ყველას, ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, როგორც ამ ქალაქს შეშვენის და ადამიანებს ნუ შევუშლით ხელს ნების გამოხატვაში. დარწმუნებული ვარ, დღეს ჩვენ მნიშვნელოვან გამარჯვებას მოვიპოვებთ“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.