იოსებ არჩვაძე - რეიტინგის გაუმჯობესება ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების დამსახურებაა
იოსებ არჩვაძე - რეიტინგის გაუმჯობესება ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების დამსახურებაა

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეიტინგების გაუმჯობესება მოხდა მაშინ, როდესაც არც ერთ ჩვენს სახმელეთო მეზობელს არ აქვს კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით უკეთესი რეიტინგი, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ განაცხადა „სტანდარტ ენდ ფუარსის“ (Standard & Poors) მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შეფასებისას.

ექსპერტის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო არა მარტო დადებითად აფასებს საქართველოს ამჟამინდელი განვითარების შედეგებს, არამედ ოპტიმისტურად აფასებს მის მომავალს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით.

არჩვაძის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული სააგენტო დასკვნებს აკეთებს არა მყისიერი, კონიუნქტურული, არამედ სისტემური შედეგების, შედარებით ხანგრძლივი დაკვირვების ფონზე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს არის ბოლო წლებში ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმებისა და ინიციატივების დამსახურება.

„ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი ტემპები ვერ იქნებოდა მიღწეული, რომ არა მთავრობის მიერ გატარებული ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკური პოტენციალისა და ექსპორტის ზრდას, ინფრასტრუქტურის გაფართოებას საკუთარი და გარედან მოზიდული ინვესტიციების ხარჯზე“, – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

მან ხაზი გაუსვა მიწისა და საპენსიო რეფორმების, დეპოზიტების დაზღვევის, განათლების რეფორმის დაწყების, ასევე საგადასახადო რეფორმის ფაქტორს სარეიტინგო სააგენტოს მიერ საქართველოზე პოზიტიური ვერდიქტის ჩამოყალიბებაში.

„ამავე დროს, საქართველოს ეკონომიკამ გამოამჟღავნა საკმარისი მედეგობა გარე რისკებისა და ფორსმაჟორული გარემოებებისადმი – რუსეთთან პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა და ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადის მკვეთრი შემცირება შუა სეზონის დროს. აღნიშნული გარემოებით მიღებული ეკონომიკური ზარალი თავდაპირველ გაანგარიშებებთან შედარებით საგრძნობლად ნაკლები გამოვიდა, რამაც, ვფიქრობ, ასევე გავლენა მოახდინა სააგენტოს მიერ საქართველოსთვის სარეიტინგო შეფასების დადგენაში. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკაში უკვე დაგროვილია საკმარისად დიდი მოცულობის პოზიტიური კუმულატიური მუხტი, რომელიც შუმჩნეველი არ დარჩენია ავტორიტეტულ საერთაშორისო სააგენტოს და,  რომელიც კიდევ უფრო შესამჩნევი და გადამწყვეტი იქნება მოსახლეობის საზოგადოებრივი და ინდივიდუალური კეთილდღეობის ამაღლებაში,“ – განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.